ეკონომიკა

საქართველოს 2017 წელს 7,5 მილიონი უცხოელი ესტუმრა

06.01.18 14:00


საქართველოს 2017 წელს 7,5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2016 წლის მონაცემებს 18,8%-ით მეტია, განაცხადა პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

გასულ წელს იმ ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათსა და მეტს დაჰყვეს, 3,48 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,9%-ით მეტია.

ყველაზე ხშირად 2017 წელს საქართველოს სტუმრობდნენ სომხეთის (+14,8%), აზერბაიჯანის (+11,2%), რუსეთის (+34,1%), თურქეთის (-0,8%) და ირანის მოქალაქეები (+118,3%).

ევროკავშირის ქვეყნებიდან ლიდერობენ დიდი ბრიტანეთის (+39.9%), ნიდერლანდების (+31,1%), ესპანეთის (+29,9%), საფრანგეთისა (+29.6%) და გერმანიის მოქალაქეები (+25.7%).

ვიზიტორთა დიდი ზრდა შეინიშნება იორდანიიდან (+316,1%), საუდის არაბეთიდან (+164,6%), ქუვეითიდან (+154,3%), ინდოეთიდან (+64,1%), ჩინეთიდან (+54%) და სხვა ქვეყნებიდან.

შსს-ს მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში საქართველოს 600 000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,3%-ით მეტია. ამავე პერიოდში იმ ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც საქართველოში 24 საათსა და მეტს დაჰყვეს, 234,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31,7%-ით მეტია.

2017 წლის I-III კვარტლების საერთო მონაცემებით საერთაშორისო ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა 29%), რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 489 მილიონი დოლარით მეტია. მშპ-ში ტურიზმის წილმა 7% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,5%-ით მეტია.

2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, 19 მიზნობრივ ქვეყანაში ონლაინ-მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა. გარდა ამისა, სარეკლამო კამპანიები მსოფლიოს წამყვანი არხებით გადიოდა: BBC, Euronews, Discovery, Tripadvisor, Expedia.

საქართველოში ჩატარდა 99 საერთაშორისო პრეს-ტური, რა დროსაც ქვეყანას ესტუმრა 683 უცხოელი ჟურნალისტი. 2017 წელს ასევე ჩატარდა 14 ინფოტური, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის 239 ტუროპერატორი ესტუმრა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები