საზოგადოება

მღვდელი საზოგადოებას პოლიციელებთან მომხდარი ინციდენტის გამო პატიებას სთხოვს

27.06.16 17:50


ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარმა გაბრიელ კახელიშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის პოლიციელებმა სცემეს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

მანამდე მღვდელმსახურმა განაცხადა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისი თქმით, მან ავტომობილი გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. როგორც აცანის ეკლესიის წინამძღვარი ყვება, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა და სასტიკად სცემა.

შსს- ინფორმაციით, წინამძღვარი ავტომანქანით სწრაფად გადაადგილდებოდა. ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს. მღვდელი ნასვამი იყო. პოლიციელებმა მას სახლში წაყვანა შესთავაზეს, რაც მან შეურაცხყოფად მიიღო და აგრესიული გახდა.

მოგვიანებით, როდესაც მას პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის მიზნით პოლიციის ავტომობილში სვამდნენ, მან თვითდაზიანებები მიიყენა.

შსს ასევე აცხადებს. რომ არსებობს მომხდარი ფაქტის სრული ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერითაა გადაღებული და აღნიშნულ ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოში წარადგინეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პროკურატურისგან მომხდარის გამოძიება მოითხოვა. თავის განცხადებაში მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება მიუღებელია.

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ოფიციალური განცხადება მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

ეკლესიის წინამძღვრის წინააღმდეგ აღიძრა საქმე ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსის მუხლებით — „პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა“ და „წვრილი ხულიგნობა“.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები