საზოგადოება

მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

11.01.18 21:15


აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

ისტორიკოსი 95 წლის ასაკში 8 იანვარს გარდაიცვალა. ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა.

ლორთქიფანიძის ბიოგრაფია ასე გამოიყურება:

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა „მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000“.

მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან არის თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა – „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.

გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები