ეკონომიკა

ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარს იპყრობს

24.01.18 18:30


იმისთვის, რათა გაიზარდოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის მოცულობა და ევროპულ მაღაზიებში მეტი ქართული პროდუქცია გაჩნდეს, ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობაა აუცილებელი, განაცხადა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის საკითხების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

„მოხარული ვარ, რომ ევროპარლამენტი დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მოხარული ვართ თქვენი შეფასების მოსმენით. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რაც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, მკაფიოდ და კონკრეტულად წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკურ არჩევანს, რაც არის ევროკავშირში საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაცია", — ციტირებს საბანაძეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების რეალიზება მთავრობის პრიორიტეტია.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან ეკონომიკური შედეგების დაუყოვნებლივ მიღება რთულია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ქართული ბიზნესისთვის უფრო მარტივს გახდის როგორც ევროპულ, ისე გლობალურ ბაზრებზე გასვლას", — აღნიშნა საბანაძემ.

საბანაძის თქმით, DCFTA ხელს უწყობდა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას. 2014-2017 წლებში ევროპულ მაღაზიებში ქართული პროდუქციის რაოდენობა გაიზარდა, გაჩნდა ახალი პროდუქტები. საქართველოს ელჩმა ევროკავშირში აღნიშნა, რომ ევროპულ ბაზარზე საქართველოდან გავიდა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, როგორიცაა თაფლი, შავი ზღვის თევზი, შალი და სხვა.

„მნიშვნელოვანია ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის განხორციელება ამ მხრივ, რათა მოხდეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტის მოცულობის ზრდა და ევროპულ მაღაზიებში უფრო მეტი ქართული პროდუქტი გაჩნდეს", — განაცხადა საბანაძემ.

მისი თქმით, ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებით საქართველოს კანონმდებლობა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროში ევროკავშირის 72 სამართლებრივ აქტს მიუახლოვდა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განსახორციელებლად კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა სპეციალური ვებ-პორტალი DCFTA.gov.ge, სადაც თავმოყრილია ყველა საკანონმდებლო აქტი და მეწარმეებისთვის საჭირო ინფორმაცია.

დიპლომატის განცხადებით, საქართველო ამაყობს, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო, ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, მოწინავე ქვეყნების ათეულში მოხვდა. ამას გარდა, საბანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად ამჟამად ფუნდამენტური სტრუქტურული რეფორმები მიმდინარეობს.

საქართველომ 2014 წელს გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები