ეკონომიკა

რატომ შემცირდა საქართველოში ბენზინზე მოთხოვნა

26.01.18 18:45


საქართველოში ავტომობილების საწვავი უფრო ნაკლები შემოაქვთ – 2017 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტმა 1 095,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებლზე 10,9%-ით ნაკლებია.

გასულ წელს შემცირდა საწვავის მოხმარებაც, თუმცა არა იმავე პროცენტული თანაფარდობით, როგორც იმპორტი, განაცხადეს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

საწვავის იმპორტი შემცირდა.

გასულ წელს ბენზინის იმპორტმა 532,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 7,6%-ით ნაკლებია, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 563,2 ათასი ტონა – 13,8%-ით ნაკლები, იტყობინება საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.


ბენზინის საწვავის იმპორტი 2017 წელს: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი — 72,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი 25,8%, ხოლო A-98 სუპერი მარკის ბენზინი — 1,6%.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის იმპორტი შემცირებულია, ეს არ ნიშნავს, რომ იმავე პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა საწვავის მოხმარება.

„2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. აღნიშნული დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას“, – განმარტავენ იმპორტიორთა კავშირში.

რატომ შემცირდა მოხმარება

საწვავის მოხმარების შემცირება ძირითადად საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ტრანსპორტისა და ელექტრომობილების იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება.

თუ 2016 წელს ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების იმპორტი 3 238 ერთეულს შეადგენდა, რაც მთელი იმპორტის 5%-ია, 2017 წელს ყოველი მეოთხე იმპორტირებული ავტომობილი ჰიბრიდული ძრავითაა.

კერძოდ, 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოში შემოიტანეს 11 652 ერთეული ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილი, რაც ავტომობილების მთელი იმპორტის 25%-ია.

ზრდა შეინიშნება ელექტრომობილების იმპორტშიც – 2017 წლის იანვარ–სექტემბერში ელექტროძრავიანი ავტომობილების იმპორტი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (სულ 467 ერთეული), 20-ჯერ გაიზარდა.

საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილები და ელექტრომობილები სულ უფრო პოპულარული ხდება და ეს უახლოეს წლებში სულ უფრო მეტად აისახება საწვავის როგორც იმპორტზე, ისე მოხმარებაზე, რომელიც, ბუნებრივია, შემცირდება, აღნიშნავენ იმპორტიორთა კავშირში.

გაძვირდება თუ არა საწვავი

გასული წლის დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასები საშუალოდ 8–10 თეთრით გაიზარდა, რაც ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების ზრდამ და ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში საწვავზე ფასები კიდევ გაიზრდება.

მისი განცხადებით, სიტუაციის დაბალანსებას ხელს შეუწყობს დოლარის მიმართ ლარის გამყარება, წინააღმდეგ შემთხვევაში რიგი ოპერატორი კომპანიები საწვავზე ფასებს კვლავ გაზრდიან.

„ეს ამ დღეებში არ მოხდება, მაგრამ თუ სიტუაცია სავალუტო ბაზარზე სტაბილური არ გახდა, ფასები მოიმატებს", — განაცხადა მთვრალაშვილმა.

ამჟამად ავტოგასამართ ბრენდულ სადგურებში 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: ბენზინი „სუპერი“ — 2,39–2,55 ლარი, „პრემიუმი“ — 2,29–2,44 ლარი, „რეგულარი“ — 2,19–2,32 ლარი, ევრო დიზელი — 2,29–2,42, დიზელი — 2,25–2,31. მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი — 2,5 ლარი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები