მსოფლიო

კლაარის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი კავკასიას პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას არ აძლევს

19.02.18 18:35


სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სამხრეთ კავკასიას საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას არ აძლევს.

ამის შესახებ კლაარმა აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ აძლევს შესაძლებლობას სამხრეთ კავკასიას ეკონომიკის, ასევე სოციალურ და კულტურულ სფეროში საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს.

ევროკავშირის პოზიცია ცხადია: ჩვენ გვსურს მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასია, სადაც ხალხი და საზოგადოება საკუთარი პოტენციალის რეალიზებას მთლიანად შეძლებს“,-აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სწრაფი დარეგულირება.

„სტატუს კვო ბევრ საკითხში არამდგრადია. ეუთოს მინსკის ჯგუფი და მისი თანათავმჯდომარეები - საერთაშორისო დონეზე კონფლიქტის დარეგულირების ფორმატია, რომელიც ასევე კონფლიქტის მხარეების მიერ არის მოწონებული“,-აღნიშნა კლაარმა და დასძინა,რომ ევროკავშირი მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით არ იფარგლება.

„მივიჩნევთ, რომ კონფლიქტების ეფექტიანი მოგვარებისთვის საზოგადოებაც უნდა იყოს ჩართული. სხვა კონფლიქტების მაგალითებზე ვხედავთ, რომ მშვიდობიანი შეთანხმების რეალიზება ჭიანურდება, თუ პროცესში თავიდანვე საზოგადოება არ არის ჩართული. არ ვფიქრობ, რომ სამხრეთ კავკასია გამონაკლისია. ამიტომ ევროკავშირისთვის მშვიდობიანი პროცესის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი საზოგადოებასთან მუშაობაა. ეს არის ის რასაც საქართველოში ვაკეთებთ, რაც ჩემი მანდატის მოქმედების სფეროში შედის.

მთიანი ყარაბაღის კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ კონტაქტები და მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა აჩვენებს, რომ მხარეებს ურთიერთინტერესი გააჩნიათ და კონფლიქტი არ უნდა განიხილებოდეს იმ ლოგიკის მიხედვით, რომ ერთი მხარე იგებს იმ შემთხვევაში თუ მეორე აგებს. თუ თანამშრომლობა და ურთიეთინტერესი ჭარბობს, მაგალითად, ეკონომიკის სფეროში, ასევე როდესაც საუბარია ერთობლივი პრობლემების მოგვარებაზე, როგორიც არის ადამიანის უსაფრთხოება ან გარემოს დაცვა, დარწმუნებული ვარ ეს მშვიდობიანი პროცესის წინსვლას შეუწყობს ხელს“,-განმარტა ტოივო კლაარმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები