საზოგადოება

გამოცდილება პროფესიულ განათლებაში: საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

13.03.18 18:45


საერთაშორისო კონფერენციაზე ხელი მოეწერება პროფესიული განათლების სფეროში სოციალურ პარტნიორთა შორის მემორანდუმს, ნათქვამია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საერთაშორისო კონფერენცია — „გამოცდილება პროფესიულ განათლებაში" ოთხშაბათს, 13 მარტს გაიხსნა. კონფერენციას ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.

„კონფერენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პროფესიული განათლების სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სოციალურ პარტნიორთა შორის (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს პროფკავშრები, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში) მემორანდუმის ხელმოწერა",- ნათქვამია განცხადებაში.

მემორანდუმის მიზანი SME სექტორისთვის განათლებისა და დასაქმების სფეროში მხარეების ერთიანი და კონკრეტული სერვისების კოორდინირებული მიწოდების შესახებ ურთიერთთანამშრომლობაა.

„დამსაქმებელთა ასოციაციის" ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენისა და მიმოხილვის კონტექსტში მხარეებმა გაიზიარონ რეგიონალური და საერთაშორისო გამოცდილება. აღნიშნული მიზნის ფარგლებში მთავარი თემა იქნება – სკოლა, კოლეჯი, კომპანია, როგორც სწავლების ადგილი.

ასევე კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ დამსაქმებელთა ორგანიზაციების გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროსა და სოციალურ პარტნიორობის კუთხით რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე.

კონფერენციაზე ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.

„დამსაქმებელთა ასოციაციის" ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობენ სომხეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის, ყაზახეთის, ლატვიისა და უკრაინის წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს პროფკავშირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული სასწავლებლები, სექტორული ასოციაციები და სავაჭრო პალატები.

გარდა ამისა, საკონფერენციო სივრცეში მოეწყობა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ყაზახეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პროექტის შედეგების სადემონსტრაციო მასალების გამოფენა.

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით 2016 წლიდან მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები