პოლიტიკა

ოჯახში ძალადობისას, შემაკავებელი ორდერის გამოცემა და იარაღით სარგებლობის შეზღუდვა სავალდებულო ხდება

15.03.18 21:30


ოჯახში ძალადობის და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში, პოლიციელის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

შესაბამისი ცვლილებები "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში იგეგმება.

მოქმედი კანონით, შემაკავებელი ორდერის გამოცემა პოლიციელის უფლებამოსილებაა. მას ამის უფლება აქვს ოპერატიული რეაგირების და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის მიზნით. დაგეგმილი ცვლილებებით კი, გამოძიების დაწყების შემთხვევში, ორდერის გამოცემა სავალდებულო იქნება და ასევე, აუცილებელია, ამ ორდერში იარაღით სარგებლობის შეზღუდვის მითითება.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია სასამართლოსგან დამცავი ორდერის გამოცემა მოითხოვოს. დაგეგმილი ცვლილებებით, ეს შეეხება შემაკავებელ ორდერსაც, ანუ, შესაძლებელი იქნება ამის მოთხოვნა პოლიციისგანაც.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის უფრო მეტად დახვეწისთვის არის საჭირო, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებისთვის, როცა საქმე ეხება ამგვარი დანაშაულის ჩადენას იარაღის გამოყენებით.

"საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა ცხადყოფს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი საზიანო შედეგების თავიდან აცილების მიზნით მოძალადისთვის იარაღთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და მასში იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვებისა თუ აკრძალვების მითითება პოლიციელის უფლებამოსილებაა. ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უკეთ დაცვის მიზნით, საჭიროა პოლიციელის უფლებამოსილების გაზრდა და იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება ექნება", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, შემაკავებელი ორდერის გამოწერა სავალდებულო იქნება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაიწყო ან მიმდიანრეობს შემდეგი მუხლებით: განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, მუქარა, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე მოყვანილია საქართველოს მთავარი პროკურორის 2017 წლის ანგარიში, რომლის მიხედვით, ბოლო წლებში ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც ამ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა.

ანგარიშში მოცემული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 550, 2015 წელს - 1066, 2016 წელს - 1356, ხოლო 2017 წელს - 1986 პირის მიმართ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის წარედგინა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციას.

"წარდგენილი რედაქციები ასახავს როგორც სამართალდამცავი ორგანოებიდან, ასევე საბჭოს წევრებისგან შემოსულ სხვადასხვა მოსაზრებას. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხრიდან შენიშვნები არ გამოთქმულა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობამ კი უკვე გადაუგზავნა პარლამენტს.

დაგეგმილი ცვლილებები უკვე განიხილეს რამდენიმე კომიტეტზე და ბიუროს სხდომაზე.

დასკვნები დადებითია. არ არის გამორიცხული, კანონპროექტი განსახილველად 21 მარტის პლენარულს სხდომაზე გავიდეს.




წყარო : /www.tabula.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები