ეკონომიკა

საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი აშენდება

23.03.18 20:30


საკონტროლო–გამშვები პუნქტის „ყაზბეგი–ზემო ლარსის" მიმართულებით ახალი გზისა და საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა იგეგმება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

საუბარია ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობაზე ტრანზიტული მოძრაობისთვის, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება. ამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 53 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ამით სატრანზიტო ავტომობილებისგან განიტვირთება მლეთა–კობის გზა, რათა ამ გზით ძირითადად ტურისტებმა იმოძრაონ. ეს გზა გუდაურამდე მიდის.

„გზა გუდაურისკენ კეთილმოწყობილი დარჩება. ასევე შევინარჩუნებთ ჯვრის უღელტეხილს", — აღნიშნა ალავიძემ.

პროექტის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალი, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ერთ-ერთი რთული გზაა ქვეყანაში. არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გზა ზამთარში ხშირად იკეტება, რაც საქართველოდან რუსეთისკენ და პირიქით მოძრავ ადამიანებს პრობლემებს უქმნის.

ამ ეტაპზე ეს ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზაა, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს.

მიმდინარე წელს იგეგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი — რიკოთის პროექტის დაწყება.

რიკოთის უღელტეხილი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს.

ალავიძის განცხადებით, რიკოთის პროექტი ოთხ ლოტად დაიყოფა. ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაკვეთის სავარაუდო ღირებულება მილიარდ აშშ დოლარს ჭარბობს. სიგრძეა 54 კმ. არის 90-მდე ხიდი და ესტაკადა, 45 გვირაბი. სატენდერო პროცედურები მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დაიწყება. სამშენებლო კომპანიებთან კონტრაქტები წელს უნდა გაფორმდეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები