ეკონომიკა

ქობულეთის შემოვლითი გზა მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს

24.04.18 18:40


ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ახალი გზა ექსპლუატაციაში ზაფხულში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე შევა და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა.

ამ მონაკვეთზე სულ 15 ხიდია. მათ ასაგებად ახალი ტექნოლოგია–ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბი გამოიყენეს.

ახალი ტექნოლოგიით აშენდა სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. სამშენებლო სამუშაოზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

ქობულეთის შემოვლით გზაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ქობულეთის შემოვლით გზაზე პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია, ზაფხულში მოძრაობა მეორე მონაკვეთზეც გაიხსნება, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079.67 ლარია.

მალე საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას დაიწყებს. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში.

აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოებას, კურორტის ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები