ეკონომიკა

ბენზინი შეიძლება 2.50 ლარამდე გაძვირდეს

30.04.18 21:40


ნავთობის ფასს ბოლო პერიოდის ყველაზე მაღალი ნიშნული უჭირავს. მსოფლიო ბაზარზე მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია - 1 ბარელი 75 დოლარამდე გაძვირდა. საქართველოში საწვავის ფასი უკვე მაღლა დაიძრა. არაბრებირებულ სადგურებშიც კი 2 ლარს გადასცდა, ხოლო მსხვილი კომპანიების აგს-ებში 2,30 ლარსაც მიაღწია. დარგის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მალე 1 ლიტრი საწვავი 2.50 ლარი ეღირება.

შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, შესაძლოა, ნავთობის ღირებულება არ შეიცვალოს და კლებისკენ არ წავიდეს. ამის საფუძველს ის შეთანხმება იძლევა, რომელიც ოპეკის წევრ ქვეყნებს აქვთ დადებული 2018 წლის ოქტომბრამდე. გარდა ამისა, უკვე მიდის საუბარი, რომ მათი შეთანხმება 2019 წლის შუა პერიოდამდე გახანგრძლივდება. თუ ეს შეთანხმება გაგრძელდა, დღეს არსებული ფასი მინიმუმ 1 წელი შენარჩუნდება.

საქართველოში საწვავის ფასს არეგულირებს 5 მსხვილი ბენზინგასამართი სადგური. მათ ქსელში 1 ლიტრის ღირებულებამ უკვე 2,30 ლარს მიაღწია (გამონაკლისია "ლუკოილი", სადაც ბენზინი და დიზელი შედარებით იაფი ღირს). საწვავი ძვირდება არაბრენდირებულ აგს-ებშიც.

1 ლიტრი ბენზინის ფასმა მცირე სადგურებზე უკვე 2 ლარს გადააჭარბა.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია, "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია არ არსებობს, პატარა კომპანიები მაქსიმუმ 10-თეთრიანი მოგებით ყიდიან საწვავს. დიდი კომპანიების შემთხვევაში კი მარჟა 40-45 თეთრს აღწევს.

"საქართველოს ბაზრზე არსებული მსხვილი 5 კომპანია, ისევ შეთანხმებულად აგრძელებს მოქმედებას, თუმცა ახლა გაძვირებას საერთაშორისო ფაქტორიც უწყობს ხელს. გარდა ამისა, ლარის კურსიც რატომღაც ისევ უფასურდება. საწვავი ის პროდუქტია, რომელიც ყველაფერს აიყოლიებს, სხვა საქონელსაც გააძვირებს.

პატარა კომპანიები მაქსიმუმ 10-თეთრიანი მოგებით ყიდიან საწვავს. თუ მათ შემთხვევაში 10 თეთრი საკმარისია, დიდი კომპანიები რატომ ყიდიან 40-45-თეთრიანი მარჟით? როგორ ხდება საერთაშორისო ფასის ასახვა ადგილობრივ ბაზარზე, უნდა დავაკვირდეთ იმპორტიორების მოქმედებას.

კომპანიას, რომელსაც თავისი ჭაბურღილიც კი გააჩნია და გადამამუშავებელი ქარხანა და თანაც იმპორტიორია, როგორ შეიძლება ამბობდეს მარაგი ამომეწურაო. პატარა ავტოგასამართ სადგურებს რატომ არ ეწურებათ მარაგი? პატარა სადგურები 2 ლარად ყიდიან "რეგულარის" ტიპის საწვავს, დიდი აგს-ები იგივე საწვავს 30 თეთრით ძვირად", - განუცხადა "რეზონანსს" კემულარიამ და იქვე აღნიშნა, რომ თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ღირებულება 2.50 ლარს მიაღწიოს და გადააჭარბოს კიდეც.

"ასეთი ტემპით შეიძლება მათ გადააცილონ კიდეც 2,50 ლარს 1 ლიტრზე. პატარ-პატარა კომპანიები რომ არ გამოჩენილიყვნენ,შეიძლება 3 ლარიც კი ყოფილიყო ფასი. ამ შემთხვევაში ერთადერთი შემაფერხებელი ბერკეტი აღმოჩნდა ის წვრილი კომპანიები, რომლებიც გამოჩნდნენ და ასე თუ ისე კონკურენციაში არიან ამ მსხვილ სადგურებთან. დიდ კონკურენციას მაინც ვერ უწევენ, ძალიან რთულია ამ ბაზარზე მათი შევიწროება", - განუცხადა "რეზონანსს" კემულარიამ.




წყარო : /www.resonancedaily.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები