ეკონომიკა

აზერბაიჯანი - ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი

01.05.18 21:30


აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, დიზელის საწვავის იმპორტში მეზობელი ქვეყნის ლიდერ პოზიციას ძირითადად ფასი განაპირობებს.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, როგორც იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ იობაშვილი განმარტავს, 2017 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 563,2 ათასი ტონა. აქედან ყველაზე დიდი წილი სწორედ აზერბაიჯანზე მოდის - 197,6 ათასი ტონა, ანუ 35,1%.

მიუხედავად შეღავათიანი ფასისა, აზერბაიჯანული პროდუქტი ხარისხის მხრივაც მისაღებია.

როგორც იობაშვილი განმარტავს, ქართულ ბაზარზე იყიდება "ევრო-4"-ისა და "ევრო 5"-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავი.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის შემდეგ დიზელის მომწოდებელი ქვეყნების სათავეშია თურქმენეთი, საიდანაც 2017 წელს 149,0 ათასი ტონა დიზელია იმპორტირებული, რაც მთელი იმპორტის 26,4%-ს შეადგენს. მესამე ადგილს იკავებს რუმინეთი 79,0 ათასი ტონით, რაც იმპორტის 14,0%-ია. რუსეთიდან დიზელის იმპორტმა შეადგინა 72,6 ათასი ტონა, ანუ 12,9%, ბულგარეთიდან - 39,5 ათასი ტონა, ანუ 7,0%, ხოლო საბერძნეთიდან იმპორტი 22,9 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც მთელი იმპორტის 4,1%-ია.

ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, აზერბაიჯანიდან საწვავის მოწოდების შეფერხების შემთხვევა არ ყოფილა.

ვრცლად, თუ როგორი ტემპით მიმდინარეობს ქვეყანაში აზერბაიჯანული დიზელის საწვავის იმპორტი, რა უპირატესობა აქვს მას საქართველოში და ყველაზე დიდი რაოდენობით რომელ სექტორში გამოიყენება აღნიშნული კატეგორიის საწვავი? - "ბიზნეს-რეზონანსის" კითხვებს ვახტანგ იობაშვილი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, პასუხობს.

"ბიზნეს-რეზონანსი": რით არის განპირობებული ფაქტი, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის მომწოდებელი ძირითადი ქვეყანაა? გარდა ფასისა, კიდევ რა კრიტერიუმით ირჩევს ქართველი მომხმარებელი აზერბაიჯანულ საწვავს?

ვახტანგ იობაშვილი: აზერბაიჯანი არის საქართველოში დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი, რაც განპირობებულია იმით, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და ამ პროდუქტის ტრადიციული მომწოდებელი. შესაბამისად, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული პროდუქტი იაფია სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულთან შედარებით. კერძოდ, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული დიზელის (ევრო 4) საწვავის ფასი 15-18 თეთრით ნაკლებია.

არ ყოფილა შემთხვევა, რომ აზერბაიჯანიდან საწვავის მოწოდება შეფერხებულიყო.

აღსანიშნავია 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ომის პერიოდი, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში პარალიზებული იყო მთელი საზღვაო აკვატორია და ვერ ხერხდებოდა ქვეყანაში ზღვით საწვავის შემოტანა. ამ დროს ქვეყანამ საწვავის დეფიციტი გადალახა იმის ხარჯზე, რომ საწვავს იღებდა რკინიგზის მეშვეობით აზერბაიჯანიდან და ამ უმძიმეს პერიოდში მათი დახმარებით შეიქმნა დიზელის საწვავის რამდენიმე ათასტონიანი მარაგი.

ჩვენთვის აზერბაიჯანული დიზელის საწვავის ხარისხიც სრულიად მისაღებია, რადგან იგი სტანდარტს აკმაყოფილებს. ეს არის "ევრო-4"-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავი.

"ბ-რ": ფლობთ თუ არა ინფორმაციას, საქართველოში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტიდან რამდენია დიზელის საწვავზე მომუშავე და ძირითადად რა კატეგორიის ავტომობილებია?

ვ.ი: რაც შეეხება სტატისტიკას, ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 1 228 100 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათგან დაახლოებით 28-30% დიზელის საწვავზე მუშაობს. მათში შედის სატვირთო (100 000 ერთეული), სამგზავრო (53 500 ერთეული), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (28 400 ერთეული), სპეცტექნიკა (4 400 ერთეული) და სპეციალიზებული (11 400 ერთეული) ავტოსატრანსპორტო საშუალებები. უნდა აღინიშნოს, რომ ესენი ძირითადად, ასაკიდან გამომდინარე, ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომელთათვისაც მნიშვნელობა აქვს ევროდიზელთან შედარებით დიზელის საწვავის დაბალ ფასს.

"ბ-რ": აზერბაიჯანული დიზელი რამდენად აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში და როგორია მისი მოხმარება კონკრეტულად ამ დარგში?

ვ.ი.: აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავის მოხმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში მომუშავე, სამშენებლო და სპეცტექნიკისათვის ზამთრის თვეებში, მკაცრი კლიმატური პირობების დროს, როდესაც შესაძლებელი ხდება შეფერხების გარეშე აზერბაიჯანული დიზელის საწვავის გამოყენება მასში პარაფინის გაცილებით მცირე შემცველობის გამო. მათთვის 15-20 თეთრით იაფი პროდუქციის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურული ნათესი ფართობები სულ უფრო მეტად მცირდება. კერძოდ, 2014 წელს ნათესი ფართობის ოდენობამ შეადგინა 274,9 ათასი ჰექტარი, 2015 წელს - 263,7 ათასი ჰექტარი, 2016 წელს - 240 ათასი ჰექტარი, 2017 წელს - 214,9 ათასი ჰექტარი.

"ბ-რ": როგორც ვხედავთ, დიზელის საწვავზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, რას უკავშირდება მისი მოხმარების ზრდა საქართველოში?

ვ.ი: დიახ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დიზელის საწვავის მომხმარება, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად უშუალო კავშირშია, ერთი მხრივ, ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მატებასთან, ასევე ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოების ზრდასთან.

ვიმედოვნებთ, დიზელის საწვავის იმპორტი სამომავლოდაც მნიშვნელოვნად გაიზრდება და შემდგომი პერიოდიც ამ მხრივ აღმავალი ტრენდით იქნება გამორჩეული.




წყარო : /www.resonancedaily.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები