საზოგადოება

არასამთავრობოები საქართველოში რუსული ტელევიზიების მაუწყებლობის აკრძალვას მოითხოვენ

06.05.16 19:20


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მზადაა, შეზღუდოს რიგი რუსული ტელეარხების რეტრანსლაცია, თუ დაადგენს, რომ ისინი მიუღებელ პროდუქციას ავრცელებენ, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე.

საქართველოში რუსული ტელეარხების РТР-ПЛАНЕТА, Россия 24, НТВ Мир, TVCI, Россия 1, НТВ, ТНТ, Петербург 5, Звезда, Рен-ТВ და Russia Today აკრძალვა გუშინ 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს არხები „რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტები“ არიან.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ რეგლამენტის თანახმად, მიუღებელ პროდუქციაში იგულისხმება პორნოგრაფია და პროდუქცია, რომელიც ძალადობისა და სიძულვილის განსაკუთრებით მძიმე ფორმას შეიცავს, რომელიც ლახავს პირად ცხოვრებას, შეიცავს უზუსტობას და არღვევს საავტორო უფლებებს.

ასევე, რეგლამენტის თანახმად, საქართველოში იკრძალება პროპაგანდული ომის ნებისმიერი სახეობა და ისეთი გადაცემები, რომლებიც ხელს უწყობს რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უთანხმოებების გაღვივებას, რაიმე ჯგუფის დისკრიმინაციას ან ძალადობისკენ წაქეზებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღია წერილით მიმართეს როგორც კომუნიკაციების კომისიას, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს.
2008 წელს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოში რუსული არხების მაუწყებლობა აიკრძალა. მაუწყებლობა მხოლოდ 2012 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განახლდა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მმართველი კოალიცია“ ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები