ეკონომიკა

საქართველოში ინვესტიციები შემცირდა

12.06.18 15:15


2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32,9%–ით შემცირდა და 279,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის „საქსტატი“ გამოყოფს რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლას, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვა).

აღნიშნულ პერიოდში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებით ლიდერთა შორის არიან დიდი ბრიტანეთი (82,7 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (51 მილიონი აშშ დოლარი) და ჩინეთი (41,6 მილიონი აშშ დოლარი). ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდების წილი 175,3 მილიონ აშშ დოლარს – მთლიანი საინვესტიციო მოცულობის დაახლოებით 63%-ს შეადგენს.

ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები გახდა საფინანსო სექტორი (110,6 მილიონი აშშ დოლარი), მშენებლობა (69,1 მილიონი აშშ დოლარი) და გადამამუშავებელი მრეწველობა (40,2 მილიონი აშშ დოლარი). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ამ დარგებში 78,7%-ს შეადგენს.

2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 26,2%–ით მეტია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები