პოლიტიკა

ბახტაძე: მინისტრთა ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები

21.06.18 15:00


პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ბახტაძის კომენტარს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

“პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვაპირებთ, საქართველოში განვახორციელოთ ინტენსიური რეფორმები. ამ პროგრამის განუყოფელი ნაწილია მცირე მთავრობის კონცეფცია, შესაბამისად ერთერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენთ, იქნება მცირე მთავრობის კონცეფცია. ეს გულისხმობს სამინისტრო ერთეულების 11 სამინისტრომდე დაყვანას, რომ მე საშუალება მომეცეს უმოკლეს ვადაში, დაახლოებით, 3 კვირაში წარმოვადგინო უკვე განახლებული კაბინეტი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ჩემთან ერთად იმ პროგრამის შესრულებაზე, რომელიც წარმოვადგინეთ”- განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ქვეყანას 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება.

“მიმდინარეობს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში იხილავთ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, ჩემი მხრიდან კანდიდატების დღეს დასახელება არასწორი იქნება.

რაც შემიძლია გითხრათ, არის ის,რომ ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები.

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კადრებისგან. საუბარია პროფესიული წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვა, რომ ჩვენ ყველამ ერთად განვახორციელოთ რეფორმები, წარმატებული ტრანსფორმაცია ჩვენი ეკონომიკისა და ყველა იმ სფეროში, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის”- განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

მთავრობა 99 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობა არსებული შემადგენლობით დროებით იმუშავებს.როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები