მსოფლიო

ევროკავშირი აზერბაიჯანთან ახალ შეთანხმებას გააფორმებს

12.07.18 17:20


აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ევროპარლამენტის რეკომენდაციების გაუთვლისწინებლობის მიუხედავად, ევროკავშირმა და აზერბაიჯანის მთავრობამ პარტნიორობის ახალი პრიორიტეტები განსაზღვრეს და აღნიშნული დოკუმენტის პარაფირება მოახდინეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის მხრიდან ელმარ მამედიაროვმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროკავშირიდან კი უმაღლესმა წარმომადგენლმა ფედერიკა მოგერინიმ.

“პარტნიორობის პრიორიტეტები ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის, რადგანაც ისინი განსაზღვრავს იმ პოლიტიკის საერთო პრიორიტეტებს, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს და გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას უახლოეს წლებში”, – ნათქვამია ევროკავშირის შეტყობინებაში.

თანამშრომლობის ოთხ ძირითად მიმართულებას შორისაა ინსტიტუტების გამყარება და ეფექტური მართვა, ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები და ენერგოეფექტურობა და მობილობა.

ასევე, 2018-2020 წლებში პარტნიორობის პრიორიტეტები ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ფინანსური თანამშრომლობის საფუძველიც გახდება.

ახალმა შეთანხმებამ უნდა შეცვალოს ევრკავშირსა და აზერბაიჯანს შორის პარნტიორობისა და თანამშრომლობის შესხებ 1996 წლის შეთანხმება.

2018 წლის 4 ივლისს ევროპარლამენტში ხმათა უმრავლესობით, 564 ხმით 69-ის წინააღმდეგ, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გლობალური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე რეკომენდაციები მიიღეს.

ამ რეკომენდაციებს შორის იყო მიმართვები ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს, ევროპული კომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის მიმართ, ასევე გარანტიების მოთხოვნა, “რომ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთოებების გაღრმავება დაეფუძნება დემოკრატიის მხარდაჭერასა და პატივისცემას, სამართლებრივ სახელმწიფოს, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს”.

ევროპელი პარლამენტარები რეკომენდაციას გასცემდნენ, “შეახსენონ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ არანაირი გლობალური შეთანხმება არ იქნება რატიფიცირებული ქვეყანასთან, რომელიც პატივს არ სცემს ევროკავშირის ძირითად ფასეულობებსა და უფლებებს”.

რეკომენდაციების შესაბამისად, მოლაპარაკებების დასრულებამდე “აზერბაიჯანს უნდა გაეთავისუფლებინა პოლიტიპატიმრები და სინდისის პატიმრები”.

ევროპარლამენტი ბაქოსგან ასევე მოელის სამუშაოების გატარებას მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის საკითხში, ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ოლიგარქიული და დომინანტური პოლიტიკური ძალებისგან მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები