საზოგადოება

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა – შსს განცხადებას ავრცელებს

16.07.18 14:45


შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 16 ივლისს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს – 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები