საზოგადოება

მთავრობამ მინდელის შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

16.07.18 16:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს რომ მთავრობამ, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში მდებარე შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.

სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს – 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები