საზოგადოება

შს სამინისტრომ მომავალი მართლწესრიგის ოფიცრებისთვის ღია კარის დღე მოაწყო

16.07.18 17:20


შინაგან საქმეთა სამინისტროში მომავალი მართლწესრიგის ოფიცრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ უწყების წარმომადგენლებს პირადად გასაუბრებოდნენ.

„მათგან უშუალო კომუნიკაციის გზით, მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობისა და ფუნქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ღია კარის დღეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუმრებს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, მისი ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს“,- აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხის – www.officer.ge-ს საშუალებით მიმდინარეობს. აღნიშნულ ვებგვერდზე მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია. კანდიდატებისთვის აუცილებელი მოთხოვნა არის უმაღლესი განათლება, ხოლო განცხადებების მიღების ბოლო ვადა – 25 ივლისია.

ამ ეტაპზე, მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად, განაცხადი 2000-ზე მეტ კანდიდატს აქვს შევსებული.

შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით. პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, იგეგმება ინსტიტუტის შემდგომი გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც.

„მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცერი იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და გაღრმავდეს ნდობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, არა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და სწორედ ამ მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა.

ვაკანსიის გამოცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია ამ პოზიციაზე მოიზიდოს, მოტივირებული და კვალიფიციური ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაში“,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები