საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობა სრული დატვირთვით ამოქმედდა

11.07.16 20:00


დღეიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ნაწილი, კერძოდ, საოჯახო და სამემკვიდრეო დავები ბულაჩაურის ქუჩაზე, N 7ა-ზე მდებარე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილ შენობაში განიხილება, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლოს ბულაჩაურის ქუჩაზე (პეკინის 29, ბულაჩაურის 7ა) მდებარე შენობა ექსპლუატაციაში შევიდა და სრული დატვირთვით ამოქმედდა.

ამიერიდან სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ნაწილი, კერძოდ კი, საოჯახო და სამემკვიდრეო დავების განმხილველი ხუთი მოსამართლე და უდავო წარმოების განმხილველი ხუთი მაგისტრი უფლებამოსილებას სასამართლოს ახალ შენობაში განახორციელებენ. აქვე გაცნობებთ, რომ სარჩელების, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებების და სხვა პირველადი რეგისტრაციის დოკუმენტების მიღება განხორციელდება მხოლოდ დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალური შენობის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, ხოლო სხვა განცხადებები (მოსამართლეების და მაგისტრების წარმოებაში არსებულ საქმეებზე) მიიღება თბილისის საქალაქო სასამართლოს ორივე შენობაში.

ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ შენობაში მოეწყო და აღიჭურვა არასრულწლოვნებთან შეხვედრების სპეციალიზებული ოთახი, სადაც საოჯახო დავების განხილვისას მოსამართლე, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი არასრულწლოვანთან გასაუბრებას მათი ასაკის შესაბამის გარემოში მოახდენენ. აქვე აღსანიშნავია, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესაბამისად, რომელიც 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა, გამოძიების ეტაპზე მოწმეთა დაკითხვა-გამოკითხვამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ შენობაში (აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, N6) გადაინაცვლა.

2016 წლის 12 ივლისს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განტვირთვის მიზნით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სიახლეებსა და ბულაჩაურის ქუჩაზე (პეკინის 29, ბულაჩაურის 7ა) მდებარე სასამართლოს შენობაში შემადგენლობების გადანაწილება-გადაადგილებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნობიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს ახალი შენობაში, რომელიც პეკინის 29, ბულაჩაურის 7ა – ში განთავსდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებდა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები