საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

10.10.18 12:30


ყოველი წლის 10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაცია 2018 წელს ამ დღის კამპანიის წარმოებისას საზოგადოების ყურადღებას ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემებზე ამახვილებს. სწორედ ამიტომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა „ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად მსოფლიოში“.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ახალგაზრდები მუდმივად ებრძვიან ადამიანის უფლებების დარღვევის უარყოფით შედეგებს – ომს, ძალადობას სახლში და სკოლაში; განიცდიან კიბერ ბულინგს; თამაშობენ ძალადობრივ ვიდეოთამაშებს; ხდებიან კიბერ დანაშაულის მსხვერპლი.

ფსიქიკური დაავადებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონე უკიდურესად დაბალია. შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, რათა გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს. საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა სახელმწიფოს წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყანაში დღემდე არ არის შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო პროგრამები. ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადების კუთხით.

დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ზომები არ არის საკმარისი სფეროს სათანადო განვითარებისთვის. გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება. პრობლემად რჩება ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი. სახალხო დამცველი მუდმივად უსვამს ხაზს ბავშვზე ზრუნვის პროცესში ჩართული პირების გადამზადების აუცილებლობას ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვის მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციისა და იდენტიფიცირების, რთული ქცევის მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკითხებზე.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, გააქტიურონ მუშაობა არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, რათა სათანადოდ იქნას დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებები.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები