საზოგადოება

თბილისში იაპონური კულტურის ღონისძიებები ჩატარდება

22.10.18 11:45


იაპონიის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმების ორგანიზებით, 23-25 ოქტომბერს, თბილისში კულტურული ღონისძიებების ციკლი, სახელწოდებით „ტოკუგავა და სხვა ოსტატები“ ჩატარდება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ციკლი მოიცავს იაპონური კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საჯარო ლექციებს.

22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება აღნიშნული ღონისძიებების ციკლის გახსნის ცერემონია.

„ტოკუგავა და სხვა ოსტატები“ - ამ სახელწოდების ღონისძიებების ციკლში მონაწილეობენ იაპონიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პირების შთამომავლები: ნარიმასა ტოკუგავა ( ტოკუგავა შოგუნატის ოჯახის, მიტოს შტოს მე-15 თავკაცი), კაკიემონ საკაიდა (იაპონური ფაიფურის, კაკიემონის ოჯახის მე-15 თავკაცი), ნაოკო მაცუდაირა (იაპონური ჩაის ცერემონიის „ურა სენკეს“ სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი; მისი მეუღლე – ჰიდეჰისა მაცუდაირა არის სამურაების ერთ-ერთი უძველესი იაპონური კლანის, მაცუდაირას კლანის მე-13 თავკაცი, რომელიც ტოკუგავა მიტოს ოჯახის გავლენიანი შტოა). ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ცნობილი შიოდოს - იაპონური კალიგრაფიის ოსტატი აკემი ლუკასი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები