საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ სკოლა იმისთვის არ გვინდა, რომ მომავალი თაობა გამოცდებისთის მოვამზადოთ

04.02.19 10:45


"განათლება არის ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი ამ რეფოემამ უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას მდგრადი განვითარება“.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივში ჩართვისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების რეფორმა იქნება დაკავშირებული ბევრი პრობლემის აღმოფხვრასთან, რადგან მემკვიდრეობა ძალიან მძიმეა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას განათლების მინისტრთან ერთად მომავალ კვირას წარუდგენს.

„ჩვენ რამდენიმე ფაზად დავყავით ეს რეფორმა, პირველი ნაბიჯები - რომელიც უკვე გადავდგით, ამის შესახებ პრეზენტაციას განათლების მინისტრთან ერთად მომდევნო კვირას ვაპირებ. შემდეგი ნაბიჯი გვექნება მაისში და ამის შემდეგი ეტაპი იქნება შემოდგოიმაზე. ამ რეფორმის წარმატება გამოიხატება იმაში, რომ ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს განათლების სექტორის დომინანტობა ჩვენს ეკონომიკაში. იმიტომ, რომ საქართველოში შევქმნათ განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ჩამორჩენა 90-იან წლებში, როდესაც განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღმოვფხვრათ და განათლება და ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს პარალელურად. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ განათლების სექტორს ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში ჰქონდეს მინიმუმ 10-12 პროცენტიანი წილი, ეს არის ის მინიმალური ოდენობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ერისთვის, მათ ჩოშორის ქართველი ერისთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა, მისი განვითარება, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკის განვითარება და კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერ-მინისტრი შეეხო სასკოლო განათლებას და აღნიშნა, რომ სკოლა არის ნებისმიერი სახელმწიფოს წარმატების ფუნდამენტი.

„ჩვენ სკოლა იმისთვის არ გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობა გამოცდებისთის მოვამზადოთ. ჩვენ სკოლა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას მივცეთ განათლება. რა თქმა უნდა, გამოცდები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ განათლების სისტემა იყოს წარმატერბული, მაგრამ ჩვენ თუ ავიღებთ ყველაზე წარმატებული ქვეყნების პრაქტიკას, ვნახავთ, რომ გამოცდები არ არის უნივერსალური იდეა.

უნივერსალური იდეა გახლავთ ცოდნის მიღება და ადამიანური კაპიტალის შექმნა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები