საზოგადოება

ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკებია - აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა

10.05.19 18:00


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) სისტემის ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, თუ რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისტემის ეფექტიანად მართვაზე, ამის შესახებ საუბარია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფდა სახელმწიფოდონეზე ერთიანი პოლიტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების არსებობას იპკ-ის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული საკითხები მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი პოლიტიკის განსასაზღვრად;

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსა და ცენტრის მიერ შემუშავებულია მექანიზმები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაციის გაუმჯებესებისკენ, ისინი არ არის საკმარისი მისი სანდოობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში აღნიშნული მიმართულებით არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, შექმნიდა ნოზოკომიურ ინფექციებზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი მართვის პირობებს;

კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს − მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა;

კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობის დაწყების ეტაპზე აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს, ამავე დროს, შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმად არ არის განსაზღვრული ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმება, რაც ზრდის პაციენტების უსაფრთხოების რისკებს;

სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციისას, დოკუმენტაცია ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილია არასრულყოფილად. გარდა ამისა, არ არის კონკრეტულად გაწერილი რა შინაარსის მატარებელი უნდა იყოს სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც ზრდის არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს;

დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია არ არის შემუშავებული, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს,

რაც ზრდის იმის რისკს, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული იპკ სისტემის ნაკლოვანებები.

სტომატოლოგიური დაწესებულებისთვის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია იპკ-ის სისტემის მოთხოვნები. 2018 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედებდა 1,526 სტომატოლოგიური დაწესებულება. სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს იპკ-ის მოთხოვნებს. ამათგან, იპკ-ის სისტემის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის, ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში: 2015 წელს, აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულია შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში, 2016 წელს − 48%-ში და 2017 წელს − 51%-ში.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები