პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებზე თანამშრომლობისთვის

20.05.19 15:15


გაფართოებული დაფინანსების შესახებ პროგრამის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობას, უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მოტივირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგართან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამა, რომელიც სამწლიანია, საქართველომ წინმსწრებით დაასრულა და ერთი წლით ადრე პროგრამის დასრულებამდე, პროგრამით გათვალისწინებული მიზნები უკვე შესრულებულია.

„ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ძალიან წარმატებული პროგრამა გვაქვს გაფართოებული დაფინანსების შესახებ. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა და მთლიანად ეყრდნობა ჩვენი მთავრობის მიერ წარდგენილ რეფორმათა გეგმას. ამ სამწლიანი პროგრამით გათვალისწინებული მიზნები უკვე შესრულებულია, ერთი წლის წინმსწრებით. ეს გახლავთ მიმდინარე ხარჯების შემცირება, კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და დეფიციტის ნორმალიზაცია. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი შეხვედრა, რამდენიმე წლის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, როდესაც ძალიან მძიმე ციფრები გვქონდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის, ის თითქმის 13%-ს უახლოვდებოდა. ამ შეხვედრაზე მე ვთქვი და ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ გავატარებდით ისეთ რეფორმებს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, საქართველოში ჩაგვენაცვლებინა მეტი იმპორტი, გვქონოდა უფრო მეტი ექსპორტი და შეგვემცირებინა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ადგილი საქართველოსთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ ეს შევძელით და დეფიციტი თითქმის ორჯერ შევამცირეთ და აქაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა დღესაც გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობას, უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მოტივირებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები