საზოგადოება

Expo Georgia-ში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გელოდებათ

31.05.19 11:30


საგამოფენო ცენტრი Expo Georgia თბილისის წიგნის რიგით ოცდამეერთე საერთაშორისო ფესტივალს (Tbilisi International Book Fair 2019) მასპინძლობს, რომელიც 2 ივნისამდე გასტანს.

ყოველწლიური ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონია Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცის მესამე პავილიონში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გამომცემლობების წარმომადგენლები, მწერლები და მოწვეული სტუმრები.

ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თეკლა კვალაძემ.

„ვფიქრობ, რომ ლიტერატურასთან დაკავშირებული ღონისძიება განათლების თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მრავალი წიგნის პროექტები და აქტივობები იმართება, მათ უფრო ცოტა ადამიანი ესწრება, ვიდრე ვთქვათ, მუსიკალურ ფესტივალებს. თუმცა, ჩვენი ფესტივალი გამონაკლისია, იგი უყვარს მკითხველს, უყვარს ქალაქს, უყვარს ქალაქის სტუმრებს", - განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" კვალაძემ.

წელს ფოკუს–ქვეყნის სტატუსით ფინეთია წარმოდგენილი. პროგრამას „ქვეყნები ფოკუსში" თბილისში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ–ერთი ცნობილი ლიტერატურული ორგანიზაცია – ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდი „ფილი"(FILI-Finnish Literature Exchange).

ფესტივალის ფინელი სტუმრები არიან მწერალი და ისტორიკოსი ჰენრიკ მეინანდერი, მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი როზა ლიქსომი და მწერალი და მხატვარი ლინდა ბუნდესტამი. ფესტივალის ფარგლებში ფინელი ავტორები გამართავენ შეხვედრებსა და პანელ-დისკუსიებს ქართველ მწერლებთან ერთად.

ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელია – საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება.

ტრადიციისამებრ, ფესტივალის ყოველწლიური მონაწილეები არიან ქართული და უცხოური გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც დამთვალიერებელს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით წიგნების ფართო ასორტიმენტი და აქსესუარები ელოდებათ.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები