ეკონომიკა

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს​

25.07.19 11:45


საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და, პირიქით, ბილეთებს მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს ანაზღაურებაზე (დღგ-ს გარეშე).

დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს. ასეთ მიმართულებად კი რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და, ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები მიიჩნევა.

“სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისათვის პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებად მიიჩნევა რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და, ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები, თუკი სახეზეა რეგულარული სატრანზიტო ფრენა და ხორციელდება მგზავრების თბილისის ან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გადაყვანა რუსეთის ნებისმიერი აეროპორტიდან, რომლიდანაც ხდება მოგზაურობის დაწყება (და პირიქით). ერევნის საერთაშორისო აეროპორტი კი გამოიყენება სატრანზიტოდ”, – აღნიშნულია 24 ივლისს გამოცემულ მთავრობის დადგენილებაში.

დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში უწყვეტად, კვირაში, სულ მცირე, ორი სიხშირით შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე. ამასთან, შემსყიდველი, ანუ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია, პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება თითოეულ მიმართულებაზე ერთ ავიაკომპანიასთან გააფორმოს არა უმეტეს 1 წლის ვადით. თუ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ რამდენიმე ავიაკომპანია მიმართავს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით და ორი ან მეტი მათგანი დააკმაყოფილებს პირობებს, ხელშეკრულების გაფორმების რიგითობა მოთხოვნის წარდგენის დროის მიხედვით განისაზღვრება.

ცნობისათვის, ხელშეკრულება გაფორმდება იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც პირველი მიმართავს აეროპორტების გაერთიანებას.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები