ეკონომიკა

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის ტოპ-50-ში მოხვდა

26.07.19 10:30


საქართველო „ინოვაციურ გლობალურ ინდექსში" 11 პოზიციით დაწინაურდა და 48-ე ადგილი დაიკავა. ქვეყანა ამ რეიტინგის ტოპ-50-ში პირველად აღმოჩნდა.

მოხსენება „ინოვაციური გლობალური ინდექსი" მოამზადეს კორნელის უნივერსიტეტმა, INSEAD-ის ბიზნესის სკოლამ და გაეროსთან არსებულმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ.

კვლევა განსაზღვრავს ინოვაციური საქმიანობის ეფექტურობის რეიტინგს მსოფლიოს 129 ქვეყანაში. ის 82 ინდიკატორს ეფუძნება. მოხსენების ამ გამოშვებაში განიხილება ინოვაციებზე ორიენტირებული პოლიტიკის გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინოვაციების განვითარებაში ქვეყნის პროგრესს მაღალი შეფასება მისცა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, ამ რეიტინგში რუსეთს 46-ე ადგილი უკავია, სომხეთს - 64-ე, აზერბაიჯანს - 84-ე და თურქეთს - 49-ე.

მოხსენების თანახმად, რეიტინგის პირველი ათეული ამგვარად გამოიყურება: შვეიცარია, შვედეთი, აშშ, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, დანია, სინგაპური, გერმანია და ისრაელი.

„ინოვაციების გლობალური ინდექსი" წარმოადგენს ორი სუბინდექსის - ინოვაციური ხარჯებისა (აღწერს არსებულ რესურსებსა და პირობებს ინოვაციების გატარებისთვის) და ინოვაციური შედეგების საშუალო მაჩვენებელს, რომელიც ინოვაციების განხორციელებით მიღწეულ პრაქტიკულ შედეგებს ასახავს.

ყველა მაჩვენებელი, რომელთა მიხედვითაც დგება რეიტინგი, გაერთიანებულია შვიდ ძირითად ჯგუფში: ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარების დონე, ბიზნესის განვითარების დონე, შედეგები ცოდნისა და ტექნოლოგიების სფეროში, შემოქმედებითი საქმიანობის შედეგები.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები