ეკონომიკა

საქართველო აზერბაიჯანი – სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება

26.08.19 17:40


მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. საერთო შეფასებით, ვიზიტმა აჩვენა, რომ საქართველო აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება და როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო დინამიკური გახდება.

დღეისათვის, ფაქტობრივად ძნელია მოიძებნოს სფერო, რომელშიც აზერბაიჯანი და საქართველო არ თანამშრომლობენ. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის აზერბაიჯანს მესამე ადგილი უკავია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ – ივნისში, საქართველოს მთლიანმა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ აზერბაიჯანთან 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

შთამბეჭდავად გამოიყურება გასული წლის მონაცემებიც. 2018 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ აზერბაიჯანთან დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი იყო, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 8,7%-შეადგენს. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქართულ-აზერბაიჯანული სავაჭრო ურთიერთობები თითქმის 31 პროცენტით გაიზარდა.

მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი აქვს აზერბაიჯანს საქართველოს ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით მომარაგებაში.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, საქართველოს მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის 82 % სწორედ აზერბაიჯანზე მოდის. კიდევ უფრო დიდია აზრერბაიჯანის წვლილი საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებაში. ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველო აზერბაიჯანიდან, დაახლოებით, 2 მილიარდ 591,5 მილიონი კუბამეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს.

საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანული გაზის წილი საქართველოს ბაზარზე 94,5 პროცენტს აჭარბებს, რამაც რუსული „გაზრპომის’ წილის 5,5 % პროცენტამდე შემცირება გამოიწვია.ქართულ- აზერბაიჯანული ეკონომიკური თანამშრომლობის აქტივში შეიძლება განვიხილოთ ბაქო-თბილისი- ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებაც.

აზერბაიჯანული trend.az -ის მონაცემებით, ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე ყოველთვიურად დაახლოებით მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდება.

სპეციალისტების გათვლებით, ახლო მომავალში ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონ ტონას მიაღწევს, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდას ვარაუდობენ.

აზერბაიჯანი ერთ -ერთი ლიდერია საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობითაც. 2018 წელს აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 240 მილიონი დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 15. 4 მილიონი დოლარი შეადგინა.

მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის სფეროშიც. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან 1 424 610 ტურისტი ეწვია.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს საქართველოს საზღვაო პორტებს. მიმდინარე წლის 6 თვეში ბათუმის პორტიდან აზერბაიჯანში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 167 ათას 304 ტონას გადააჭარბა.

Trend.az – ის მონაცემებით, გასულ წელს აზერბაიჯანიდან ბათუმის პორტის გავლით გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 26 ათას 116 ტონას მიაღწია. საერთო ჯამში გასულ წელს ბათუმის პორტიდან აზერბაიჯანის მიმართულებით 336 ათას 702 ტონა ტვირთი გადაიზიდა.

გადაზიდული ტვირთიდან დიდი ნაწილი დაახლოებით 118 ათასი ტონა შაქარი იყო. გადაზიდული ტვირთების ჩამონათვალშია ასევე: რელსები ( 512 ტონა), პალმის ზეთი ( 53 ათასი ტონა) სოიო ( 62 ათასი ტონა) სიმინდის ზეთი( 12 ათასი ტონა) ლამინატი ( 3 ათასი ტონა).

როგორც ბაქოში ორ პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა, დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 50 აზერბაიჯანული კომპანია საქმიანობს. უფრო შთამბეჭდავია იმ ქართული კომპანიების რაოდენობა, დაახლოებით 300, რომლებიც აზერბაიჯანში ფუნქციონირებს.

ამ ყველაფრის ფონზე ალბათ განსაკუთრებით საგულისხმოა დასაყურადღებო ის სიტყვები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას წარმოთქვა.-„ ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება და გამყარდება ყველა მიმართულებით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, რაც გააძლიერებს ჩვენს რეგიონს და ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები