საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი - პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდა ყოველწლიურად მოხდება

27.08.19 15:00


ოქტომბრის თვიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ და ეს პროცესი ყოველწლიური იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინიატრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა და მათ რეფორმის დეტალები გააცნო.

"განათლების სისტემის რეფორმა ბუნებრივია, უკავშირდება საკმაოდ მტკივნეული საკითხების გადაჭრას. უპირველესი არის პედაგოგების კომპენეტენციის დადასტურების, მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად ანაზღაურების ზრდა.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი განათლება მოიცავს 5 დონეს. ეს არის სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. რა თქმა უნდა, ხუთივე მიმართულება პრიორიტეტია, მაგრამ ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ სკოლა არის ქვაკუთხედი ქვეყნის სიძლიერისა. ამიტომაც განათლების რეფორმაში მასწავლებელს ერთი-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრია და სწორედ ამიტომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი პედაგოგებს ეხებათ.

ჩვენი რეფორმა გულისხმობს მეტი თავისუფლების მიცემას ჩვენი სკოლებისთვის და მასწავლებლებისთვის. პედაგოგის პროფესია უნიკალურია ნებისმიერი ერისთვის, ამიტომაც მე როგორც, ამ იდეის ავტორს, ერთ-ერთ მთავარ მიზნად მიმაჩნია პედაგოგს, როგორც პროფესიას, დავუბრუნოთ ის პატივისცემა და ღირსება, რომელსაც იმსახურებთ იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ამ ქვეყანას უნდა აღუზარდოთ მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, პატრიოტი ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და წარმატება. სწორედ ამიტომაა ეროვნული იდეა განათლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ ქვეყანაში არსებული პედაგოგის ანაზღაურება მტკივნეული საკითხი იყო წლების განმავლობაში და პირადად მისთვისაც ემოციურად მძიმე ტვირთი იყო ფაქტი, რომ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე ორჯერ ნაკლები ანაზღაურება ჰქონდა.

"ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები და მე ვგრძნობ ამ დაკვეთას. უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში პირველ ეტაპზე 2019 წლის ოქტომბერში ყველა სტატუსიან მასწავლებელს გაეზრდება ანაზღაურება. ხელფასები გაზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციებს, მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს, მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც.

ხელფასების ზრდა ყოველწლირი იქნება და 2022 წელს მიაღწევს უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარს; წამყვანი პედაგოგის - 2150 ლარს და მენტორი პედაგოგის - 2450 ლარს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ყველა მომდევნო მთავრობა ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები