საზოგადოება

დიდი ბრიტანეთის ელჩმა და კახა კალაძემ თბილისში ბრიტანული სეზონი საზეიმოდ გახსნეს

13.09.19 11:30


დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში ბრიტანული სეზონი საზეიმოდ გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბრიტანეთი-საქართველო 2019"-ის დროებითი ინსტალაცია მოეწყო, ხოლო მეტროსადგური "რუსთაველი" ბრიტანეთთან ასოცირებული გამოფენით გაფორმდა.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სამი თვის განმავლობაში დედაქალაქის სტუმრებსა და მოსახლეობას საშუალება ექნებათ, უკეთ გაიცნონ თანამედროვე ბრიტანეთი.

"ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა მისასალმებელია, განსაკუთრებით ბოლო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდა ეს ურთიერთობები-უფრო მეგობრული გახდა. მინდა ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადავუხადო. ძალიან მისასალმებელია და დასაფასებელია, რომ ბრიტანეთის ელჩი ქართულად თავისუფლად საუბრობს და ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის, ერის, კულტურის მიმართ უდიდესი პატივისცემა აქვს.

ძალიან მიხარია, რომ ეს დღეები იმართება თბილისში , გამოვყავით სხვადასხვა ლოკაციები ქალაქში, სადაც განთავსდება ანალოგიური სტენდები და მოუთხრობენ დაინტერესებულ პირებს ბრიტანეთის კულტურაზე, განათლებაზე, სიახლეებზე. ასევე, მოძრავი საელჩო იმოქმედებს, არამხოლოდ დედაქალაქში რეგიონებშიც მოხდება ჩასვლა",-განაცხადა კახა კალაძემ ღონისძიებაზე.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმითმა დედაქალაქი მერს და მუნიციპალიტეტს დამხარებისთვის მადლობა გადაუხადა და ბრიტანულ სეზონზე ისაუბრა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ განსაკუთრებით ლამაზია თბილისის მეტრო, მეტროსადგური „რუსთაველი“ და სწორედ ამიტომაც სამი თვით აქ განვათავსებთ ბრიტანულ გალერეას, რომელიც ბრიტანულ ელფერს შესძენს ამ სადგურს. აგრეთვე, ავტობუსებსაც ბრიტანული ხედები ექნება",-განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

"ბრიტანეთი-საქართველო 2019" დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივად დაგეგმილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი პროგრამაა, რომელიც დეკემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებები თბილისის გარდა, ბათუმში, ქუთაისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ჩატარდება.

ბრიტანული სეზონი კონფერენციებს, ფესტივალებს, კინო-პროგრამას, ვორკშოპებსა და მასტერკლასებს მოიცავს. ასევე დისკუსიებსა და ლექციებს კინოსა და საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები