პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მზად არის, შეწყალების საკითხზე კანონმდებლობის დასახვეწად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს

23.09.19 14:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ საჭიროა პატიმართა შეწყალების მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწა, რათა განისაზღვროს შეწყალებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველი გუნდი მიესალმება პრეზიდენტის მიერ თანამშრომლობის შესახებ გამოთქმულ სურვილს.

„შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, ეს არის კონსტიტუციით და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება, შესაბამისად ჩვენ მივესალმებით მისი მხრიდან თანამშრომლობის სურვილს, თუ საჭიროა. როგორც ჩანს, საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა ამ მიმართულებით, რომ უფრო კონკრეტულად განისაზღვროს კრიტერიუმები შეწყალებასთან დაკავშირებით და პარლამენტი მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს.

შემიძლია გითხრათ, რომ პრევენციის სფეროში გაკეთებული რეფორმების შემდეგ არაერთი ალტერნატიული სასჯელის ზომა არის განსაზღვრული კანონით, არის მაგალითად დაწესებულებები, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას მიდიან სახლში და დროს ოჯახთან ერთად ატარებენ, არის ღია ტიპის დაწესებულებები, სადაც პატიმრები შრომობენ და ანაზღაურებას იღებენ, არის ელექტრონული პატიმრობა, როდესაც არა ციხეში, არამედ სხვა განსაზღვრულ ადგილას, ოჯახში ადამიანები იხდიან მსჯავრს. როდესაც ამდენი ალტერნატიული ზომა არსებობს, ბუნებრივია, უნდა შემცირდეს შეწყალების გამოყენების მაჩვენებლები და ეს არის კიდეც შემცირებული.

სააკაშვილთან და ბატონ მარგველაშვილთან შედარებით თუ ვნახავთ ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ გამოყენებულ შეწყალების მაჩვენებელს, 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში ის არის ძალიან მკვეთრად შემცირებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს გამოვიდა ინიციატივით, რომ გადაიხედოს შეწყალების წესები.

“აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით შეწყალების ახალ წესებს, რომლებიც გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტიის წარმომადგენელი შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ შეწყალების იდეალურ წესებს, რათა აღარ შეშფოთდეს ასე საზოგადოება“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები