პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგასთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა

24.09.19 11:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე სებასტიან კოფოდმა ორმხრივი შეხვედრის დროს, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს .

მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის წარმატებული ურთიერთობები მრავალი მიმართულებით, მათ შორის აღინიშნა დანიის ქმედითი დახმარების მნიშვნელობა საქართველოს ინსტიტუციური ტრანსფორმაციის პროცესში. როგორც ცნობილია, დანიის მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველომ პრიორიტეტული ადგილი დაიკავა დანიის სამეზობლო პროგრამაში 2017-2021 წლებში, რაც ითვალისწინებს საქართველოში სხვადასხვა სფეროს განსავითარებლად 27 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დანია დაინტერესებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებით და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა დანიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების აქტიური პოზიციონირებისთვის, მათ შორის აღინიშნა დანიის თანასპონსორობა გაეროში დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციისა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, ასვე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა დანიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებებზე, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის, მოსახლეობის დაკავების გახშირებული ფაქტების შესახებ.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს შეშფოთება მიმდინარე პროცესების გამო და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა ვითარების დეესკალაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა ნორდიკული ტურნეს ფარგლებში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დანიაში განხორციელებული პირველი ოფიციალური ვიზიტი და კოლეგა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

მინისტრები ასევე მიესალმნენ ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხალხთაშორისი და ბიზნეს ურთიერობების განვითარებას.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები