პოლიტიკა

"მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას ქვეყანაში" - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

28.10.19 11:50


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ოროჰესის მცირე ჰიდროსადგური მოინახულა, რომელიც მიმდინარე წელს შევიდა ექსპლუატაციაში. სადგური დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო ოროზმანთან მდებარეობს. მისი დადგმული სიმძლავრეა 1,25 მვტ, წლიური გამომუშავება კი - 6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. სადგურის მშენებლობაში კომპანიამ "მომავლის ენერგია" 2,2 მლნ აშშ დოლარი განახორციელა. ობიექტზე 5 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

მინისტრის მოადგილე გაეცნო სადგურის მუშაობას, გაესაუბრა იქ დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა გადამზადების პროგრამაც ინვესტორმა კომპანიამ დააფინანსა. გარდა ამისა, კომპანია ასევე უზრუნველყოფს სოფლის ერთ-ერთი ცენტრალური გზის მოვლას, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს მეცხოველეობასა და სხვა საჭიროებებისთვის. ასევე აღინიშნა, რომ ჰიდროსადგური ეკომეგობრულია და მას გარემოზე მინიმალური ზეგავლენა აქვს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას ქვეყანაში. ეს იმისთვის გვჭირდება, რომ ვუპასუხოთ ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს," - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მომავალი ჰესების ინვესტორებს, თუკი ისინი მთავრობისგან გარანტირებულ ტარიფს არ ითხოვენ, სამშენებლო გარანტიების მოცულობა 10-ჯერ შეუმცირდებათ. "აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსგავსი მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას. გარდა ამისა, ბოლო სტადიაშია პარლამენტში განახლებადი ენერგიების კანონპროექტის განხილვა. მისი მიღების შემდეგ, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, შევუმუშავოთ კონკრეტული მხარდაჭერის მექანიზმები ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას ენერგეტიკაში. ყველა ამ ღონისძიებით ჩვენ შევძლებთ, დავაჩქაროთ ქვეყანაში ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ელექტროენერგიის გენერაციის განვითარება და წინსვლა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები