პოლიტიკა

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს

28.10.19 18:00


ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს.

„დღის წესრიგში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ტერიტორიული მთლიანობის კომისიას და კომპეტენციის მიხედვით ყველა საპარლამენტო კომიტეტს, ჩამოგვიყალიბდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა როგორც უსაფრთხოების სამსახურთან ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ რეალურად 24/7-ზე რეჟიმში გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და მის ინტერესებს. ამას ადასტურებს ჩვენი არაერთი გასვლითი ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე, სადაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შეგვესწავლა და ადგილზე გავცნობოდით უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ის საკომიტეტო მოსმენებიც, რომელიც ჩვენ დღემდე გაგვიმართავს“, - განაცხადა სხდომის დაწყებისას დროებითი კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურთან კონსულტაციის შედეგად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართოს.

„პრეზენტაცია, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და შესაბამისად, ჩვენ უნდა დავაყენოთ დღის წესრიგში სხდომის დახურვის საკითხი. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ დახურულ რეჟიმში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა ძალიან კონკრეტული და ფართოდ გაშლილი პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.

„ჩვენ ვისაუბრეთ მომდინარე საფრთხეებზე, უკანონო ბორდერიზაციაზე, ადამიანის უფლებებზე და ყველა იმ მტკივნეულ საკითხზე რომელიც მომდინარეობს აღნიშნული ტერიტორიებიდან. არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეს გამართულ სხდომაზე წარმოვადგინეთ. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, იმისთვის რომ აღნიშნული პროცესი განვითარდეს მშვიდობიანად. ამ პროცესში ჩართულია ჩვენი ყველა მოკავშირე ორგანიზაცია და მოკავშირე სახელმწიფო. ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ იმისთვის, რომ აღნიშნულ რეგიონში გაგრძელდეს მშვიდობიანი პროცესი“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა, რაშიც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს მნიშვნელოვანი როლი.

„სხდომაზე საუბარი გვქონდა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის, ასევე, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია. საუბარი ასევე, გვქონდა თუ რა მექანიზმები არსებობს, იმისთვის რომ ამ ყველაფრის პრევენცია და მომხდარ ფაქტებზე რეაგირება მოხდეს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

„სხდომაზე ვისაუბრეთ იმ რეალობაზე, რომელშიც ვართ, ვისაუბრეთ, რა მოქმედებები ხდება და იმაზე თუ რა პერსპექტივით უნდა იაროს ქვეყანამ და ჩვენ წინ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, უსაფრთხოების სამსახური აბსოლუტურად არის ინფორმირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„მოსმენის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს შეფასება, რომ უსაფრთხოების სამსახური არის აბსოლუტურად ინფორმირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე მოვლენების შესახებ, იმ უკანონო პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე, საოკუპაციო ძალის და მისი უწყებების საქმიანობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ამ მიმართულებით ის ატარებს შესაბამის ღონისძიებებს“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ბერაიამ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები