პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ავსტრიელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა

29.10.19 11:30


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ავსტრიელ ხალხს საქართველოს მთავრობის სახელით მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

„ჩვენს ქვეყნებს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ, რაც საერთო ღირებულებებს და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. საქართველოსა და ავსტრიას შორის კიდევ უფრო ფართოვდება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და ხალხთაშორისი კონტაქტები. ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც. ავსტრია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამინისტროს ცნობით, ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობას და მას ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი უწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, ტოკიოში, საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტების შეხვედრა არის საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი დასტური.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავსტრიასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

„გვსურს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, რათა უფრო მეტი ავსტრიული ინვესტიცია განხორციელდეს საქართველოში. ამ მხრივ მინდა მივესალმო ავსტრიელი ბიზნესმენების ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ნოემბერში დაგეგმილი სავაჭრო მისიის სტუმრობას საქართველოში. მჯერა, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ავსტრიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში. ზალკალიანმა ავსტრიის მთავრობას მადლობა გადაუხადა ყოფილი ელჩის დიპლომატიური საქმიანობის განსაკუთრებულად დაფასებისთვის.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები