პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

29.10.19 14:20


„ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ირაკლი კოვზანაძესთან, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები, მიუხედავად საგარეო შოკებისა, საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება და სავალუტო ფონდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის იგივე რჩება - 4.6%, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ეკონომიკის განვითარებისთვის.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირიც ესწრებოდა, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებს. თავის მხრივ, დღევანდელ შეხვედრას, ხანგრძლივი და პროდუქტიული უწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კოვზანაძის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში ფინანსური მდგრადობის საკითხები განიხილეს, მათ შორის მომავალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ფისკალურ პოლიტიკას ეხება.

„ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა სავალუტო ფონდის მისიასთან. ჩვენ განვიხილეთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები ასევე ფინანსური მდგრადობის საკითხები საქართველოში. საუბარი იყო ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების კანონში ცვლილებებზე, რომელიც რეზოლუციის კანონს გულისხმობს“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ყველა საკითხი, რომელზედაც დღეს ისაუბრეს, ეხება სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელებას საქართველოში და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტმა კონტროლი მონეტარულ ხელისუფლებაზე გააძლიეროს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები