პოლიტიკა

გიგი წერეთელი სტრასბურგში ევროპის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

30.10.19 16:50


საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე - „ჩვენი საერთო ევროპული სახლი: მომდევნო 70 წელიწადში“ სიტყვით გამოვიდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიგი წერეთელმა, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან, ევრაზიის კონტინენტის 47 ქვეყნის პარლამენტის პირველ პირებთან, უსაფრთხოების გამოწვევებზე და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„თუ ჩვენ ახლა 70 წლით წინ გავიხედავთ, სურათი არ იქნება ნათელი, სანამ არ გადავწყვეტთ იმ კონფლიქტებს, რომლებიც ჩვენს რეგიონებში და მის სამეზობლოდ არსებობს, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი ხალხი განიცდის ტანჯვას და კარგავს მომავლის იმედს.

მრავალწლიანი ომების და კონფლიქტების შემდეგ, ევროპა მართლაც გახდა ჩვენი საერთო სახლი, თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებთან მიმართებაში ადგილი აქვს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების და ღირებულებების დარღვევის ფაქტებს. ამის ნათელ მაგალითს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია წარმოადგენს. ჩვენ, როგორც ჩვენი საზოგადოების მიერ არჩეულმა პირებმა, მეტი ვალდებულება გვაკისრია, ჩვენი ქმედებებით მოქალაქეების ნდობა აღვადგინოთ ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ “, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ევროპის საბჭოს ახლად არჩეულ გენერალურ მდივან მარია ბურიჩთან და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიან პასკიესთან ოფიციალური შეხვედრები გამართა.

ორმხრივი საუბრები შედგა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტთან, გაბრიელა ბარონთან, ალბანეთის, სომხეთის, კვიპროსის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, ესპანეთის, თურქეთის და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებთან.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები