პოლიტიკა

დავით ზალკალიანი აშშ-ს გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

30.10.19 17:30


თბილისში მიმდინარე ნატო-საქართველოს საჯარო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ლეა გაბრიელთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. ხაზი გაესვა, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო წლების განმალობაში უმაღლეს ნიშნულზეა, რაც დასტურდება მათ შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების აქტიური გაცვლით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დინამიური თანამშრომლობით, სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებით და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის ერთსულოვნად დამტკიცებით.

შეხვედრის მსვლელობისას დავით ზალკალიანმა საგანგებო ყურადღება გაამახვილა რუსეთის მეირ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიის, უკანონო ბორდერიზაციის და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ ამ ფონზე აქტიურად მიმდინარეობს რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანია, რომელიც მიმართულია საქართველოს მოსახლეობაში ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სკეპტიციზმის გაზრდისკენ. აღნიშნულ ფონზე, მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია აშშ-ს და საქართველოს დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგების გაბათილება.

თავის მხრივ, ლეა გაბრიელიმ აღნიშნა, რომ აშშ აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მოწადინებულია, რათა მოხდეს ამ თანამშრობლობის კიდევ უფრო გაღრმავება და დივერსიფიკაცია. მან განაცხადა, რომ აშშ ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. ამასთან, ლეა გაბრიელიმ აღნიშნა, რომ აშშ მზადაა ქართულ მხარეს გაუზიაროს დეზინფორმაციასთან და აგრესიულ პროპაგანდასთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება.

ნიშანდობლივია, რომ გლობალური ჩართულობის ცენტრი, აშშ-ის მთავრობასთან ერთად, უძღვება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მხრიდან პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები