პოლიტიკა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე სესია თბილისში გაიმართება

31.10.19 13:00


თამარ ხულორდავამ კიევში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ახალი თანაპრეზიდენტები ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და უკრაინის რადას დეპუტატი ივან კრულკო ჰყავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ბიუროს სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

„რაც შეეხება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღება, რომელმაც საფუძვლიანად შეცვალა პარლამენტის საქმიანობა, ახლებურად მოაწესრიგა საპარლამენტო ზედამხედველობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გაიზარდა საზოგადოების ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში.

მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე აქტიური მუშაობა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან არის დაკავშირებული. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლე არის სასამართლო ხელისუფლებაში, სადაც განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლების რეფორმა საზოგადოების მონაწილეობით“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

მათივე ინფორმაციით, ბიუროს წევრებმა ასამბლეის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, განიხილეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის მოსამზადებელი სამუშაოები.

თამარ ხულორდავას ინიციატივით, ბიუროს სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს.

„აღინიშნება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე, რომელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მოამზადა რეზოლუცია.

აუცილებლად მიმაჩნია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ იმუშაოს და მიიღოს ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიღებული იქნას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, რომელიც 2020 წლის მაისში გაიმართება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა მერვე პლენარული სხდომის დღის წესრიგი, რომელსაც 8-10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები მოიწვიეს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები