პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების ხელების ფათურის გამო, ეკლესიაში პატრიარქის წინააღმდეგ საშინელი და უღირსი ბრძოლა კულმინაციამდე მივიდა

01.11.19 17:40


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქმა და საპატრიარქომ იპოვოს ძალა ადეკვატურად გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ხელისუფლებას უფლება არ აქვს მოვლენებს გვერდიდან უყუროს. ის თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს.

ნინო ბურჯანაძე „პატრიარქის წინააღმდეგ დიდი ხნის წამოწყებული ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კამპანიის გუშინდელ კულმინაციას“ ტრაგედიას უწოდებს და როგორც ხელისუფლებისაგან, ასევე საზოგადოებისგან უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს.

„გუშინდელი დღე, მე შემიძლია შევაფასო, როგორც ტრაგედია. ეს იყო უზარმაზარი დარტყმა, რომელიც მიადგა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველებს, როგორც ერს. ფაქტი არის მძიმე და რეაგირებაც შესაბამისად უმკაცრესი უნდა იყოს.

ჩვენ უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ქართველი ხალხის გასაჭირში ეკლესია ყოველთვის იყო მთავარი დასაყრდენი. მართალია, ხელისუფლებას არ უნდა გაიგოს და დაიჯეროს, რომ დღეს ჩვენი ხალხი გასაჭირშია, მაგრამ ეს ფაქტია. ნათლად ვხედავთ პროცესს, რომ სერიოზული ძალები მთელი ძალისხმევით იბრძვიან იმისთვის, რომ ერს გამოაცალონ დასაყრდენი.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ უკვე, რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ ის ვერ ჩამოირეცხავს იმ სირცხვილს, რაშიც დღეს სრულიად ერი გავეხვიეთ. სწორედ ხელისუფლების ხელების ფათურის გამო, ეკლესიაში პატრიარქის წინააღმდეგ საშინელი და უღირსი ბრძოლა კულმინაციამდე მივიდა.

სწორედ ამ ხელისუფლების დროს მოხდა ის, რაც არც ერთი ხელისუფლების, ბოლშევიკების დროსაც კი არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, ახლა ამ ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და მის წინააღმდეგ არსებული ბრალდება გამოიძიოს. ხელისუფლება ვალდებულლია, ეს გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესები წარიმართება ისე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა, დამანგრეველი გახდეს“, - აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ერთიანი საქართველო“ ავრცელებს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები