პოლიტიკა

საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01.11.19 18:00


საქართველოს პარლამენტის და ბალტიის ქვეყნების ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და იგი კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხორციელებით გამოიხატება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოსა და ბალტიის ქვეყენის პარლამენტის აპარატის უფროსების ორდღიან სამუშაო შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული, რომელიც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის ინიციატივით, თბილისში, პარლამენტის სასახლეში გაიმართა.

„მსურს, მადლობა გამოვხატო ჩვენი კოლეგების, კარგი მეგობრების მიმართ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან აღნიშნული ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების და თანხმლები დელეგაციების სახით. დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი მომენტია, საიდანაც შევძლებთ ურთიერთობების გაღრმავების დაწყებას ოთხი ქვეყნის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის.

სხვადასხვა დონეებზე ლიეტუველ, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან კომუნიკაცია ყოველთვის დიდი პატივი იყო, ახლა კი სამივე ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციების სტუმრობა, მათი მხრიდან კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერის გამომხატველია იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოს პარლამენტის აპარატში ხორციელდება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ სამუშაო შეხვედრის დასაწყისში..

სამუშაო შეხვედრა თემატური პანელებით გაგრძელდა. ესტონეთის პარლამენტის აპარატის უფროსმა, პეეპ იაჰილომ რიიგიკოგუს ადმინისტრაციის ძირითად მიმართულებებზე, მთავარ პრინციპებზე და ინსტრუმენტებზე ისაუბრა და სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ლატვიის პარლამენტის აპარატის უფროსმა, ლელდე რაფელდემ მასპინძელ, საქართველოს მხარეს, მადლობა გადაუხადა სამუშაო შეხვედრის ორგანიზებისთვის და საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას მიესალმა. მანვე ლატვიის პარლამენტის აპარატის საქმიანობის სპეციფიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საეიმას ადმინისტრაცია ლატვიის კონსტიტუციით და პარლამენტის საპროცედურო წესების საფუძველზე იმართება. მანვე ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს შორის არსებულ კომუნიკაციაზე, თანამშრომელთა ურთიერთობებსა და საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა. ლიეტუვის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მრჩეველმა, სელია ლევინმა ლიეტუვის სეიმის ადმინისტრაციის წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება სეიმის ვიზიტორთა ცენტზე, პარლამენტის განახლებულ ვებ-გვერდზე, სოციალურ მედია პროექტზე „წუთი პარლამენტართან ერთად“ და პარლამენტის მობილურ აპლიკაციაზე გაამახვილა. მანვე დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემის შემოღების დადებით მხარეებზე ისაუბრა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა აპარატის უფროსმა, ზურაბ ჭურკველიძემ. მან სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ უმაღლესი საბჭოს გაზრდილ უფლებამოსილებაზე ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა და გამოცდილების გაზიარების მიზნით აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პირველ პანელზე განხილული თემები საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ შეაფასა და საინტერესო პრეზენტაციებისთვის, პანელის მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა. მისივე შეფასებით, აღნიშნული სამუშაო შეხვედრის გამართვა მართლაც კარგი იდეა იყო, რადგან შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთს საინტერესო იდეებს და გამოცდილებებს უზიარებენ.

„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ საქართველო საპარლამენტო ქვეყანა გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა თქვენ სადაც იმყოფებით - საქართველოს პარლამენტის სასახლე, ქვეყნის ნომერ პირველი შენობაა, სადაც საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა და შემუშავება ხდება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში განხორციელებულ რეფორმებზე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. აღნიშნულ ღონისძიებებზე საუბრისას, მან ყურადღება მინისტრის საათზე, ინტერპელაციაზე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე გაამახვილა. რაც შეეხება პარლამენტის აპარატში განხორციელებულ ცვლილებებს, გივი მიქანაძემ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის სრულ ადაპტაციაზე, მათთვის მორგებული სერვისების დანერგვაზე, აპარატის თანამშრომლების გადამზადებაზე, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის გახსნაზე, პარლამენტის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში და საზოგადოებრივ ცენტრებში სპეციალური კუთხეების გამოყოფის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო განათლების პედაგოგების გადამზადებასა და პარლამენტარიზმის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრის მეორე პანელი ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს პარლამენტში კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის თემატიკას დაეთმო. ესტონეთის პარლამენტის კანცელარიის უფროსის მოადგილემ, ანტერო ჰაბიხტიმ იურიდიულ და კვლევითი დეპარტამენტის ფუნქციებზე ისაუბრა და მათ მიერ მომზადებული მასალების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დეპარტამენტში წლის განმავლობაში საშუალოდ 400-მდე შეკითხვა შემოდის და მათი ნაწილი როგორც ანალიზს, ასევე კვლევების მიმართულებებს მოიცავს.

ლატვიის პარლამენტის ანალიტიკური სერვისის მკვლევარმა, ინტა კლუმინამ ლატვიის პარლამენტის ანალიტიკური მომსახურების ცენტრის საქმიანობა მიმოიხილა და მის სტრუქტურასა და მიმართულებებზე მოხსენება წარმოადგინა. მისი განცხადებით, ანალიტიკური მომსახურების ცენტრი საბიბლიოთეკო და კვლევითი ჯგუფის მიერ მომზადებულ მასალებს ამუშავებს და თითოეული მათგანის პროდუქტი თემატურად განსხვავებულ მიდგომებს წარმოადგენს.

ლიეტუვას პარლამენტის კვლევითი ცენტრის (Think Tank in the Seimas) საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა ლიეტუვას პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მრჩეველმა, მინდაუგას სკაცკაუსკასიმ. მისი ინფორმაციით, კვლევითი ცენტრი, რომელიც 1990 წელს შეიქმნა, მოთხოვნილებებიდან გამომდინარე პერიოდულ რეფორმირებას განიცდიდა და არსებული ფორმით 2016 წელს ჩამოყალიბდა. მისივე განცხადებით, ცენტრი იურისტებს, ეკონომისტებს, ისტორიკოსებს და პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტებს აერთიანებს და მათ მიერ მომზადებული პროდუქტები პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურას და განყოფილებას ეგზავნება. კვლევითი ცენტრისთვის კი შეკითხვის გაგზავნა ელექტრონულად, სპეციალური ფორმის შევსების შედეგად ხდება.

მეორე პანელის ბოლო გამომსვლელმა, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის უფროსმა, გიორგი ხელაშვილმა კვლევითი დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად ახალი კვლევითი ცენტრის შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლევითი მიმართულებით ახალი სამსახურის შექმნა საკონსტიტუციო რეფორმას და პარლამენტის გაზრდილ უფლებამოსილებას უკავშირდება. მომხსენებელმა კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითად მიზნებზე, ამოცანებსა და მიმართულებებზე ისაუბრა და მისი პრიორიტეტები გამოყო. პრეზენტაციების შემდეგ სამუშაო შეხვედრა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების საქმიანობაზე საკუთარი მოსაზრებები, იდეები და რეკომენდაციები გამოთქვეს.

სამუშაო შეხვედრის მეორე პანელზე განხილული თემების შეჯამებისას, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესში წარმართულმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ ცხადო თუ რამდენი საერთო მიზანი და ინტერესი აკავშირებთ საქართველოს და ბალტიის სამივე ქვეყანას. მისივე განცხადებით, ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და კვლევითი და ანალიტიკური სამსახურების ხელმძღვანელები პირდაპირი კომუნიკაციის გზით შეძლებენ სამომავლო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრით დასრულდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე ბალტიის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსები შეთანხმდნენ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაზე, მათ შორის თანამშრომელთა და სპეციალისტთა გაცვლაზე პარლამენტის ადმინისტრაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობას ბალტიის ქვეყნებში და საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას. ლატვიის და ესტონეთის პარლამენტის აპარატის უფროსებმა აღნიშნეს რომ სიამოვნებით მიიღებენ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ასევე, გამოთქვეს მზადყოფნა რომ ხელს შეუწყობენ ესტონელი და ლატვიელი ექსპერტების მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

ლიეტუვას პარლამენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს
რომ ეს საკითხები განხილული იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან და მადლობა გადაუხადეს საქართველოს აპარატის უფროსს ამგვარი ინიციატივებისთვის, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს და თანამშრომლობას ადმინისტრაციულ დონეზე.

შეხვედრის დასასრულს ბალტიელი სტუმრები საქართველოს პარლამენტში დანერგილ ელექტრონული სწავლების პრეზენტაციას დაესწრნენ და პარლამენტის სტამბა და პარლამენტარიზმის მუზეუმისთვის განკუთვნილი სივრცე დაათვალიერეს.





წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები