საზოგადოება

პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების გაცნობის მიზნით გონიოში გაემგზავრნენ

17.08.16 19:45


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში ჩავლენ. ქვეყნის პირველი პირი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობასა და გამოძიების დეტალებს პირადად გაეცნობიან.

პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გონიოში უკვე გაემგზავრნენ.

„ამ დრომდე ლევან იზორია ქართველი სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში დახმარების გასაწევად თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლის დასრულების შემდეგადაც, საქმის ადგილზე გასაცნობად, მინისტრი დაუყოვნებლივ გაემგზავრა. სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური უკვე ჩაერთო.

შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.

ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ დაავალა აშშ-ს ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა.

გუშინ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები