საზოგადოება

25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა შესაძლოა აეკრძალოთ

20.11.19 14:20


25 წლამდე ასაკის პირებს, შესაძლოა, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალოთ.

ცვლილებას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

კანონპროექტით, 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეს აეკრძალება როგორც აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე მისვლა, ასევე ინტერნეტით მომგებიანი თამაშობით სარგებლობა.

ინტერნეტით მომგებიანი თამაშობის გამართვის შემთხვევაში, ვებ გვერდზე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია, 25 წლამდე საქართველოს მოქალაქის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.

აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე საქართველოს მოქალაქის დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში; ამასთან, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე არ შეუშვას და არ ათამაშოს 25 წლამდე საქართველოს მოქალაქე.

ცვლილება შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსშიც“, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის თანმდევია.

კერძოდ, კანონრპოექტის თანახმად, 25 წლამდე საქართველოს მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას სათამაშოდ დაშვება გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი თამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება.

ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში - გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები