საზოგადოება

ქართული თაფლი, რომელიც ტუტანჰამონის ცნობილ თაფლზე თითქმის 14 საუკუნით უფრო ძველია

18.08.16 15:45


კიდევ ერთი უნიკალური აღმოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე: ბორჯომის რაიონში, სოფელ საკირესთან, მეცნიერებმა მიაგნეს თაფლს, რომელიც, როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულით თარიღდება.

ამ აღმოჩენამ შესაძლოა მსოფლიო ისტორიაში და მკვლევარების მიერ დადგენილ ქრონოლოგიაში ბევრი რამ შეცვალოს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ტუტანჰამონის სამარხში ნაპოვნი თაფლი იყო, მაგრამ ეს ვერსია ქართველმა მეცნიერებმა და ახალმა აღმოჩენამ შეცვალა.

სამცხე-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კოდიანის მთის ძირში კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინა, რომელშიც თაფლი იყო მოთავსებული, პროდუქტმა გაიარა რამდენიმე ექსპერტიზა, რომელმაც ვადები და ბიოლოგიური შემადგენლობა დააზუსტა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე ბრძანებს:

“არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ თაფლი მიცვალებულს ჩააყოლეს, რიტუალის თანახმად. მიცვალებული წარჩინებული უნდა ყოფილიყო:

სამარხზე ბევრი არაფერი ვიცით, რადგან გაძარცვულია. თუმცა ეს ყორღანები წარჩინებულთა სამარხებია, ბელადებისაა. დიდი სამარხი მხოლოდ ერთი მიცვალებულისთვისაა აშენებული. ვიცით გაძარცვის თარიღი – ძვ. წელთაღრიცხვის 2282 წელი. პრაქტიკულად ყველაფერი იყო წაღებული, მიცვალებულის ჩონჩხიც კი. დარჩენილი იყო ერთი ძალიან მცირე ზომის ისრის პირი, ხის მცირე ფრაგმენტი, ორი ჭურჭელი და მიცვალებულის ორი კბილი. სამარხში აღმოჩენილი ხის კონსტრუქცია უნდა იყოს კიბე, რომლითაც მძარცველები ჩავიდნენ სამარხში და დატოვეს იქ.”

თაფლი არ არის ერთადერთი, რის “სამშობლოდაც” მოიაზრება საქართველო.

“ყველაზე მთავარი არის დმანისი, პირველი ევროპელები აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამან, ფაქტობრივად, გადააბრუნა ისტორია. დმანისი არის საოცრება.

ასევე, ვაზის წიპწები აღმოჩნდა მე-6 ათასწლეულის ნამოსახლარზე და ეს არის კულტურული ვაზი, ანუ ველური ვაზი კი არ არის, უკვე მოვლილია და მისი თვისებები, წარმოება იციან, სასმელს ამზადებენ. ასევეა ოქროს წარმოება – დღესდღეობით ევროპაში მსოფლიოში უძველესი ოქროს ნივთებია აღმოჩენილი, ჩვენ კი სამთო წესით ოქროს მოპოვების უძველესი კერა გვაქვს. ანუ ჩვენთან ოქროს მადნის ცნობა იცოდნენ ისეთ მადანში, სადაც ოქრო არ ჩანდა. ეს ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი – მიხვიდე იმ ადგილას, სადაც ოქრო არ ჩანს, არ ბრწყინავს და იქიდან ოქრო გამოიღო. ოქროს წარმოებაში საქართველო არის პირველი. ასევე, საქართველოში ნაპოვნია დღესდღეობით უძველესი ძაფი,” – ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე.

მართალია, დღევანდელი სამეცნიერო მონაცემებით, უძველესი თაფლი საქართველოშია აღმოჩენილი, მაგრამ ეს სურათი შეიძლება შეიცვალოს და სხვაგან აღმოჩნდეს უფრო ადრეული.

“დღესდღეობით ასეა, მაგრამ ხვალ შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. მაგალითად, სომხებმა იპოვეს პირველი ფეხსაცმელი. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფეხშიშველი დადიოდნენ. უბრალოდ იმ ნიადაგმა შეინახა უკეთ,” – ამბობს ირინა ღამბაშიძე.


წყარო : /www.timepress.net/

წაკითხულია : 1099


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები