ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი V თავი I

18.08.16 19:00


თბილისი წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედი ტაძრის ( სურბ ნშან)
ჟურნალ ,,სამი საუნჯის’’ 2011 წლის N 1 ნომერში გამოქვეყნდა ჩვენი ნაშრომი - ,, თბილისის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის (სურბ -ნშანის) ეკლესიის გადაცემას სომხები უპირობოდ მოითხოვენ’’. მასში საისტორიო წყაროების მეცნიერული ანალიზის საფუძველზე ვაჩვენე, რომ ეს ეკლესია ძველ ქართულ საკულტო ძეგლზეა დაშენებული ან აშენებული. ამ მოსაზრებას არ იზიარებს სამველ კარაპეტიანი (იხ. Церковь сурб-Ншан сурб Никогостоса Тбилиси 2012, документы Армянской архитектуры. ერევანი). ამთავითვე უნდა ვთქვა, სომეხი მეცნიერის განცხადებით, წმ-ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესია სომხურია, მაგრამ განცხადება განცხადებად რჩება, რადგან ის ,,ახალი ცნობები’’, რითაც იგი აღნიშნული მოსაზრების დამტკიცებას ცდილობს, ამ ეკლესიის სომხურ წარმომავლობას კი არ ადასტურებს, არამედ კიდევ ერთხელ ნათელყოფს იმ ფაქტს , რომ იგი XVII ს-ში სომხებს ჩაუგდიათ ხელში. თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ ამ ეკლესიის აშენების თარიღი უცნობია, მაშინ გამოდის, რომ ს.კარაპეტიანი კვლევას ბოლოდან იწყებს. მას ჯერ მისი აშენების თარიღი უნდა დაედგინა და მერე ემტკიცებინა ამ ეკლესიის ,,სომხურობა’’. ეს მან ვერ გააკეთა, ხოლო მის მიერ მიგნებული ,,ახალი ცნობები’’ კი, როგორც აღვნიშნეთ , თბილისის წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის (სურბ ნშანის) ეკლესიის სომხურ წარმომავლობას კი არ ადასტურებს , არამედ ამტკიცებს იმას, რომ XVII ს- ში ეს ეკლესია უკვე მისაკუთრებული ჰქონიათ სომხებს , რაც ისედაც იყო ცნობილი. კონკრეტულად როდის მოხდა ეს და რა გზით დაეპატრონენ მას, თუ მათი ჩვეულების და მიხედვით მიიტაცეს, სამწუხაროდ, ჯერ ჯერობით ვერ დავადგინეთ.

თუ ს. კარაპეტიანს უნდოდა ამ ეკლესიის თავიდანვე სომხურობა დაემტკიცებინა, რისი სურვილიც მის ნაშრომში აშკარად ჩანს , ამისთვის უნდა მოეტანა სარწმუნო წყარო, რომელიც თბილისი წმ. ნიკოლოზის სასწაულმოქმედის (სურბ -ნშანის) ეკლესიის პირველად აშენების თარიღს პირდაპირ ან არაპირდაპირ თუ ვერ დაადასტურებდა, მიანიშნებდა მაინც, თუ იგი ფიქრობს წმ . ნიკოლოზ სასწაულმოქმედი ეკლესია XVII ს-ში აიგო, მაშინ ხსენებული საარქივო საბუთები არ გამოადგება, რადგან მათში ლაპარაკია სომეხ ბერზე, რომელსაც 1624 წელს ამ ეკლესიაში ხელნაწერი გადაუწერია. აგრეთვე, მეორე საბუთის მიხედვით, 1656 წლის სამახსოვრო ჩანაწერზე, საჩუქარზეა საუბარი და არა ამ ეკლესიის აშენების თარიღზე.

ამ სომხური საბუთების თანახმად, ცხადი ხდება მხოლოდ ერთი რამე - თბილისის წმ. ნიკოლოზის მართლმადიდებელი ეკლესია XVII ს-ში უკვე სომხურ-გრიგორიანულია.

ს.კარაპეტიანი გვთავაზობს მის მიერ მოპოვებულ ,, ახალ წარწერებს’’, რომელშიც ლაპარაკია ამ ეკლესიის რესტავრაციის შესახებ.

პ ი რ ვ ე ლ ი წ ა რ წ ე რ ა - ,,111 (1662) ...რძალი, გასპარი, ბეროს სიდედრი, ქარაიაჰატ (მშენებელი) ნავასარდ არიჭიდან, ეს ეკლესია აშენდა მისი ხელით’’.

ს.კარაპეტიანის ინტერპრეტაცია ასეთია ამ ეპიგრაფიკული წარწერის წყალობით ირკვევა არამარტო ამ ეკლესიის მორიგი რესტავრაციის თარიღი (1662), არამედ მისი არქიტექტორის სახელი-ნავასარდ. ეს წარწერიანი ხაჩქარი უნახავს სამხრეთ აფსიდში (მინაშენში) დაასკვნის: “ … по всей вероятности, строительная надпись строит церкви с целью сохранения была переведена в южный придел церкви после ее возведения საინტერესოა , რის საფუძველზე დაასკვნა ამ ეკლესიის სააღმშენებლო წარწერა ძველი ეკლესიიდან გადმოიტანეს ახალი ეკლესიის სამხრეთ მინაშენში. ამის დამადასტურებელი არავითარი საბუთი არ აქვს. მაგრამ ეს სჭირდება იმისთვის, რომ განაცხადოს : XVII საუკუნის ეს წარწერა ,,პირველწყაროა’’, რომელიც ადასტურებს, რომ თითქოს წმ. ნიკოლოზის ( სურბ-ნშანის) ეკლესიის მშენებლობის დაწყებამდე (ხან წერს ,,რესტავრაციას’’ , ხან ,,მშენებლობას’’. თუმცა მათ შორის დიდი აზრობრივი განსხვავებაა), იქ საუკუნით ადრე ნამდვილად იდგა სურბ-ნშანის ეკლესია, რომელიც ,,საფუძვლიანად აღუდგენია ,,არქიტექტორ ნავასარდს“ .

ვფიქრობთ, ძალიან ტენდენციური დასკვნაა. ამ წარწერის მიხედვით, სულაც არ ჩანს, რომ 1662 წლის რესტავრაციამდე აქ სომხური ეკლესია იყო, თანაც საუკუნით ადრე აგებული. ანდა რით მტკიცდება - ეს ვითომ ძველი ეკლესია შემდგომი სურბ-ნშანის სეხნია რომ იყო...

მ ე ო რ ე წ ა რ წ ე რ ა შ ი, რომელიც ხაჩქარზეა განთავსებული, წერია: ,,სურბ-ნშანი’’ (წმინდა ჯვარი). ეს სახელი ეკუთვნის ამ ხაჩქარს (ქვაჯვარს) და ამდენად ამ ეკლესიის სახელწოდებად ვერ განიხილება.

აღსანიშნავია, რომ სომხური ტექსტის რუსულ თარგმანში სიტყვა -ქარაიჰატ გადმოტანილია строитель-ად (მშენებელი), მას არქიტექტორს უწოდებს. მათ შორის განსხვავებაა: ქარაიაჰატ-მართლაც ნიშნავს მშენებელს, მაგრამ ამ სიტყვის არქიტექტორის მნიშვნელობით ხმარება შეცდომაა. არქიტექტორი სომხურად არის - ჭარტარაპეტ.

ს.კარაპეტიანი ფიქრობს, რომ წარწერაში მოხსენიებული ,,არქიტექტორი ნავასარდი’’ არის ბოლნისის ხაჩენის კირაკოსის ეკლესიის (1655) და ბნი- ძორის ვანქის (1663) - სოფელ შხვერის (დიდი შულავერის გვერდით მდებარე ) ეკლესიის ,,ხუროთმოძღვარი’’ ეს მოსაზრება არავითარი წყაროთი არ არის გამაგრებული.

კვლავაც ვიმეორებთ, თბილისის წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის, სურბ-ნშანის ეკლესია XVII ს-ში სომხებს ჩაუგდიათ ხელში, რაზეც არავინ დაობს, მაგრამ წერილობითი წყაროები ან ზეპირი ცნობები ამ ეკლესიის სომხური წარმომავლობის შესახებ არ არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით ქართულზე, რადგან წმ. ნიკოლოზის ეკლესიის შესახებ არის ტრადიციული შეხედულება ამ ეკლესიის ადრე ქართულობის თაობაზე, რაც დაფიქსირებულია კიდეც. დავიწყოთ ვახუშტი ბაგრატიონით, რომელიც წერს: ,,არს კუალად დაბალსა ციხესა შინა ეკლესია გუმბათიანნი და აქ ცარიელი და სხვანი გუმბათიანნი არიან, გუმბათიანნი უპყრავთ სომეხთა, უგუმბათო აღაშენა კარის საყდრად დედოფალმა მარიამ. კუალად აღაშენა ერთი უგუმბათ -კუალად უგუმბათო ოთხი , აწ უპყრავ სომეხთა’’.

ამ ცნობას კომენტარი გაუკეთა და უფრო დააზუსტა პლ. იოსელიანმა. სომხები თბილიშში დაპატრონებიან შვიდ ქართულ ეკლესიას, ამათგან სამი გუმბათიანი იყო. სომხების მიერ მისაკუთრებული ეკლესიებიდან ერთ-ერთი მათგანია Сурб-Ншан, бывшая в руках православных имя св.Николая Чудотворца.

სომეხი მკვლევარი გ. აღაიანცი სამართლიანად აღნიშნავდა : ,, ტრადიციული გადმოცემის თანახმად, სურბ- ნშანის ადგილზე იყო ქართული წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესია, რომელიც სომხებს მიუსაკუთრებიათ და მის ადგილზე ამავე სახელწოდების ეკლესია აუშენებიათ.“

გ. აღაიანცის ცნობის დასტური შეიძლება იყოს ს. კარაპეტიანის მოპოვებული ,,ახალი ცნობები“, რომელშიც ლაპარაკია ეკლესიის შენებაზე. ასეა თუ ისე, ხსენებულ ავტორთა მოწოდებულ ცნობებში ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ადრე ქართულობა თბილისის ქართულ და სომხურ საზოგადოებაში ცნობილი ყოფილა.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ძველი თბილისის მემატიანის ზ. ჭიჭინაძის ცნობა: ,, სომხებმა შეისყიდეს ოქრომჭედლის ქუჩაზე ქართველების დიდი საყდარი- წმ. ნიკოლოზის, რომელსაც დღეს სურბ-ნშანს უწოდებენ“ . ამ ცნობაშიც საგანგებოდ არის ხაზგასმული თბილისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ქართულობა, რომელიც შემდეგ სომხებს სურბ-ნშანად მოუნათლავთ.

თბილისის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნის, პროფ. თ. კვირკველიას აზრით : ,, გადმოცემით ადრე აქ (იგულისხმება წმ. ნიკოლოზის ეკლესია- ბ.ა) მართლმადიდებელთა ეკლლესია იდგა, მისი დანგრევის შემდეგ იგი აღუდგენიათ სომეხ გრიგორიანებს.... ეკლესია თავისი ზომით და მაღლივი გუმბათით მკვეთრად გამოირჩევა ძველი თბილისის განაშენიანებაში“. ეს გარკვეულწილად იმეორებს გ. აღაიანცის ცნობას, მაგრამ მასში კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ ქართულ წმ. ნიკოლოზის ეკლესია სომხებს მიუთვისებიათ.

ს. კარაპეტიანს მოაქვს ჩვენი მოსაზრება სურბ-ნშანის ქართულობის შესახებ, რომელიც დამყარებულია, ერთი მხრივ, ზემოთ აღნიშნულ წერილობით წყაროებსა და ტრადიციულ გადმოცემებზე, მეორე მხრივ კი, სომეხი მეცნიერების ბ.ულუმბაბიანისა და გ. ასატრიანის შეხედულებებზე. ამ მეცნიერთა მართებული აზრით : ,,სომხეთში არ იყო მიღებული ამ წმინდანის (იგულისხმება წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედი- ბ.ა.) თაყვანისცემა“. ე.ი. სომხეთში წმ. ნიკოლოზის კულტი პოპულარული არ იყო და შესაბამისად მის სახელზე აგებული ეკლესიებიც უიშვიათესია. ეტყობა, ეს ფაქტი ს. კარაპეტიანს ეროვნული თავმოყვარეობის შელახვად მიაჩნია და გაწიწმატებული წერს В действительности культ св. Николая, где разных гаварах (округах) его имен были священны многочисленные церкви… ამას კი აცხადებს, მაგრამ ახალი, დამატებითი მასალა ვერ მოაქვს და ისევ დასახელებულ სამ ეკლესიას ჩამოთვლის. ეს კი სომხეთში ამ წმინდანის არაპოპულარობაზე მოწმობს, ამიტომაც მის სახელზე ამ სამიოდე ეკლესიაზე მეტი არ არის. ესენია: კამარაკაპის და ნარევნის- მაზრა, სოფ. ბტარიაჩის ახლოს მონასტერი, ერზინკის მაზრა- სოფ. ზამარას ეკლესია, ტივრიკის მაზრა- დადივანქის მონასტრის ფრესკა ( მეფის მაზრა). მკითხველმა განსაჯოს, ამ მცირე ჩამონათვალის მიხედვით შეიძლება თუ არა ლაპარაკი წმ. ნიკოლოზის პოპულარობაზე სომხეთში. მას თუ უნდოდა დაემტკიცებინა წმ. ნიკოლოზის სახელობის ამ სამი ეკლესიისათვის უნდა დაემატებინა სხვა ეკლესიები, რახან ეს ვერ გააკეთა, ე.ი ამის საფუძველი არც ჰქონდა . ამიტომაც, ზედმეტია საუბარი წმ. ნიკოილოზის სახელობის ეკლესიების მრავალრიცხოვნობაზე სომხეთში.

წაკითხულია : 1063


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები