საზოგადოება

„ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობა წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

19.08.16 20:35


თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილისა და მისი ვაჟის, კომპანიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ (გუკა) რჩეულიშვილის შუამდგომლობა მათი გირაოთი გათავისუფლების თაობაზე, არ დააკმაყოფილა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ მათი ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე „ცენტრ პოინტ აჭარის“ ყოფილი და ამჟამინდელს დირექტორებს სალომე ჩარკვიანსა და ირაკლი მინდელს 13 ივლისს მენაშენეთა ფულადი სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი.

„ინვესტორი, რომელიც „ცენტრ პოინტში“ თანხის ჩადებას აპირებს, სასამართლოს მაიას გათავისუფლების სანაცვლოდ 250 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სთავაზობდა. მაია თავისუფალი უნდა იყოს, რათა ყველა საკითხის გადაწყვეტილებაში დაეხმაროს, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა“, — განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

დაცვა გუკა რჩეულიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს, ხოლო ირაკლი მინდელის შემთხვევაში — 50 ათასი ლარის გირაოს სთავაზობდა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა (შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს) ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ, მისი მეუღლის მაია რჩეულიშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმიანობა საფრთხის ქვეშ დგას.

მორიგი სასამართლო გარჩევა 11 ოქტომბერს დაინიშნა. ადვოკატები აღკვეთის ზომის გადახედვის მოთხოვნას კვლავ აპირებენ.

საქართველოს პროკურატურა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობას მენაშენეთა კუთვნილი 20 მილიონამდე აშშ დოლარის გაფლანგვაში სდებს ბრალს.

„ცენტრ–პოინტ ჯგუფი“ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები არიან დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნით.

„ცენტრ–პოინტი“ სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 640


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები