პოლიტიკა

პრეზიდენტი - აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ

04.03.20 15:00


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ ანუ - კეთილდღეობისკენ.

როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს საერთაშორისო არენაზე გამოუყენებელი პოტენციალი აქვს.

„თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე. ევროკავშირსა და ნატოში ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ ჩვენი ინიციატივებისა და ახალი იდეების წარდგენით. კიბერუსაფრთხოება, უსაფრთხო შავი ზღვა და მისი ცენტრალურ საკომუნიკაციო არეალად გადაქცევა ასეთი საკითხებია. გაწევრიანებასთან ერთად, ჩვენი მიზანიუნდა იყოს, დღეს ნატოსა და ევროკავშირში უფრო აქტიურ მოთამაშედ ვიქცეთ.

თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, გამოწვევებთან გამკლავებასაც შევძლებთ“,-აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა უნდა მოვემზადოთ უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის.

„აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს - პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ - კეთილდღეობისკენ. გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები