პოლიტიკა

გიგი წერეთელი - შეთანხმება მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა გადამწყვეტია მისი დროულად შესრულება

09.03.20 17:20


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთელის განცხადებით , ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნისა და პოლიტიკური პროცესებისთვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

მისივე თქმით, აღსანიშნავია მონაწილე მხარეების კონსტრუქციულობა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით იმ ელჩებსა და დიპლომატებს, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრებს მედიაციას უწევდა.

„ამერიკის ელჩის აქტივობამ და ევროპელი კოლეგების ეფექტურმა მედიაციამ ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი შედეგი მოგვცა. თუმცა ახლა დგება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, როდესაც ამ შეთანხმების პუნქტები უნდა შესრულდეს. საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ვინც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და მძაფრად კრიტიკულები იყვნენ ხელისუფლების ხისტი პოზიციისა და ქმედებების მიმართ, ასევე ყურადღებით დააკვირდებიან შეთანხმების პირობების შესრულებას.

ორი მთავარი საკითხის მოგვარება რაც უკავშირდება, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებს შეთანხმებული პროპორციების დაკანონებისთვის კონსტიტუციაში და მეორე მხრივ, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტას, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას, რისი ლეგიტიმური მექანიზმებიც არსებობს - სწორედ ეს ამოცანა დგას ხელისუფლების წინაშე, რომელმაც უმოკლეს ვადებში უნდა მოახერხოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ოპოზიციური პარტიები ამ პროცესს მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების რეალიზაციით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამართლიანი წინაპირობები იქმნება, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თუ როგორ ჩატარდება საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე.

„რამდენად იქნება დაცული პროცესი ტრადიციული ადმინისტრაციული ჩარევებისაგან, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და მოსყიდვისაგან და სხვა არაკანონიერი მოქმედებებისაგან, რისი მკაფიო რეკომენდაციებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისებს და, პირველ რიგში, ეუთო-ს გამოთქმული აქვს. საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები გაუწევენ მონიტორინგს და შესაბამისი შეფასებებიც გაკეთდება. საქართველოს მომავლისთვის, მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ამ შეფასებებს გადამწყვეტი როლი ექნება,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები