პოლიტიკა

"როგორც ჩვენთვის, ასევე მსოფლიოსთვის სრულიად ახალი და უცხო მდგომარეობა" - სახალხო დამცველი პანდემიის გამოცხადებას ეხმიანება

12.03.20 10:45


სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პანდემიის გამოცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს საქართველოსა და მსოფლიოსთვის ახალი და უცხო მდგომარეობაა.

მისი თქმით, საჯარო და კერძო სექტორს სჭირდება მკაფიო რეკომენდაციები, საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ეს არის როგორც ჩვენთვის, ასევე მსოფლიოსთვის სრულიად ახალი და უცხო მდგომარეობა, შესაბამისად საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბევრი რამის რეგულირება განვითარებული მოვლენების პარალელურად მოხდება.

ახლა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს სჭირდება მკაფიო რეკომენდაციები, როგორ ვაგრძელებთ საქმიანობას, როგორ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ვინ გადადის ონლაინ და დისტანციურ მუშაობაზე და ვისი გამოცხადება არის აუცილებელი სამსახურში. ერთის მხრივ დასაცავია ყველა დასაქმებულის უსაფრთხოება, მეორეს მხრივ, სასიცოცხლო და აუცილებელი სერვისების მიმწოდებელმა უწყებებმა უნდა მიაწოდოს მოქალაქეებს შესაბამისი მომსახურება.

სახალხო დამცველის აპარატში უკვე მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა.

ჩვენ საკითხს ვუყურებთ როგორც დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვის პერსპექტივიდან, ასევე ვითვალისწინებთ იმას, რომ მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ აუცილებელი მომსახურება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთავრობასთან არსებულმა საბჭომ გამოსცეს რეკომენდაციები როგორც კერძო, ასევე საჯარო სფეროში დასაქმებული პირების სამუშაო რეჟიმის მიმართ, რათა მიდგომა იყოს ერთგვაროვანი და გამოირიცხოს თვითნებური და სუბიექტური გადაწყვეტილებები საჯარო თუ კერძო სექტორში" - აცხადებს ლომჯარია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები